
SBU-ს მასალების მიხედვით, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მღვდელს, რომელმაც სევეროდონეცკში უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები ოკუპანტებს გადასცა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მან აგრესორს მიაწოდა ინფორმაცია იმ ადგილობრივების შესახებაც, რომლებსაც შეეძლოთ წინააღმდეგობის გაწევა საოკუპაციო ძალებისთვის.
სამართალდამცავებმა მოღალატე მიმდინარე წლის აპრილში, სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე კი სასამართლომ მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გამოძიების ინფორმაციით, სასულიერო პირი რუსეთმა ჯერ კიდევ 2014 წელს გადაიბირა, როდესაც ის რუსეთის ფედერაციაში იმყოფებოდა.
გარდა ამისა, SBU-მ ამხილა კიდევ ერთი სასულიერო პირი ლუგანსკის რეგიონში, რომელიც ნებაყოფლობით თანამშრომლობდა აგრესორთან.
უკრაინის აღმოსავლეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოფნისას, მან რუსებს გადასცა წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებისა და მებრძოლების მისამართები.
წინასწარი მონაცემებით, ოკუპანტებმა სწორედ მისი მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გაიტაცეს ორი უკრაინელი.
ამჟამად ეჭვმიტანილი მღვდელი უკრაინულ მართლმსაჯულებას აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში ემალება. მის წინააღმდეგ გამოძიება ღალატის მუხლით მიმდინარეობს.