"მე ძალიან ბევრი ის მოვისმინე, რომ ბატონი სააკაშვილი თურმე დეპრესიაშია და არ მოსწონს გარემო. რომელ პატიმარს მოსწონს ციხის გარემო?", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას თქვა.
ჟურნალისტებმა ირაკლი ღარიბაშვილს სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნაზე ჰკითხეს - ექიმებმა სააკაშვილის მდგომარეობა მძიმედ შეაფასეს და თქვეს, რომ სამკურნალოდ მისი ქვეყნიდან გაყვანაა საჭირო, ამის მიუხედავად, კითხვაზე საპასუხოდ პრემიერმინისტრმა თქვა, რომ მას ომბუდსმენის დასკვნა "არ აინტერესებს".
ხოლო შეკითხვაზე იღებს თუ არა ის პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე ასე უპასუხა:
"ჩვენი სიცოცხლე აბარია ღმერთს, ასე რომ მე ნამდვილად ვერ ვიქნები, ვერც ერთი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი...
[...]
მე მინდა სააკაშვილს ვუსურვო გულწრფელად, როგორც ადამიანმა ადამიანს, დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა, როგორ შეიძლება ადამიანის გარდაცვალება ვინმეს უხაროდეს. სახელმწიფო აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს, რომ ყველა პატიმრის კონსტიტუციური უფლება იქნას დაცული." ამბობს ღარიბაშვილი
მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით ღარიბაშვილმა იუსტიციის მინისტრის განცხადებები გაიმეორა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში მკურნალობა არ სურს და მისი რეალური ამოცანაა, რომ პატიმრობიდან გათავისუფლდეს.
"ბატონი რატი ბრეგაძე გამოვიდა და გაუკეთა საჯარო შეთავაზება, რომ ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერი კლინიკიდან ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი და ადგილზე უმკურნალონ. უკაცრავად და მათ არ უნდათ საქართველოში უმკურნალონ ერთადერთი მიზნით, მათი ამოცანაა სააკაშვილის გათავისუფლება", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.