მიხეილ სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მის შესაძლო მოწამვლაზე "მთავარი არხის" გადაცემა "დღის სტუმარი" ისაუბრა.
მასიმო დიანჯელო ამერიკელი ექსპერტის, დევიდ სმიტის დასკვნის საფუძველზე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოწამლეს.
კერძოდ, ადვოკატის თქმით, მესამე პრეზიდენტს ციხეში აძლევდნენ ისეთ მედიკამენტს, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია და მხოლოდ რუსეთში გამოიყენება.
"ჩვენ გვაქვს ფაქტები. როცა ვივა მედში ვიყავით ვერ შევიტანეთ კამერა და ვერ გადავიღეთ მისი ფიზიკური მდგომარეობა, რისი საშუალებაც ყველგან მსოფლიოში არის, მაგრამ ჩვენ შეგვეძლო მისი ნახვა და აშკარაა, მისი მდგომარეობის გაუარესება. ჩვენ ავიღეთ ნიმუშები მისი თმისა და ფრჩხილის, ასევე გაკეთდა ბიოფსიის პროცედურა და ასევე გაკეთდა სისხლის ანალიზის ნიმუშის აღება, ეს ყველა ნიმუში გადაგზავნილი იყო ექიმ სმიტთან და ექიმ სმიტი აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ სააკაშვილს წამლავდნენ, გარდა ამისა პოლიფარმაცია იყო გამოყენებული, მას აძლევდნენ 14 სხვადასხვა მედიკამენტს, ერთ-ერთი სასიკვდილო და ძალიან მავნეა და ის იხმარება მხოლოდ რუსეთში. ფაქტობრივად ეს წამლები გამოყენებული იყო იმისთვის, რომ ის გამხდარიყო წამების ობიექტი", - თქვა მასიმო დანჯელომ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა პერიოდში აძლევდნენ მიხეილ სააკაშვილს ამ მედიკამენტებს, დიანჯელომ თქვა, რომ ეს ციხის საავადმყოფოში დაიწყო.
"ციხის წარმომადგენლებმა არ დამრთეს ნება ფოტო-კამერის შეტანის. ჩვენ გვინდოდა უბრალოდ დოკუმენტაცია გაგვეკეთებინა მისი მდგომარეობის, აღგვებეჭდა მისი ფიზიკური მდგომარეობა, მაგრამ ამის საშუალება არ მოგვცეს. მას ასევე პრობლემა აქვს მხარზე, ძლივს ამოძრავებს ხელს, პატიმრობიდან 2-3 თვის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს მიაყენეს ტრავმა კისრის არეში, შესაძლოა მხარის პრობლემა ამის შედეგია. ექიმ კობისაც ბევრჯერ შეუშალეს ხელი შესვლაზე და მხოლოდ იმისი მერე შეუშვეს, როცა გამოჩნდა ტელეეკრანზე და დასვა კითხვა, რატომ არ უშვებდნენ", - თქვა ადვოკატმა.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს, რომელიც 9 დეკემბერს არის ჩანიშნული. მასიმო დიანჯელო ამბობს, რომ სასჯელიდან გათავისუფლების ან მისი გადავადების გამოყენება მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში შესაძლებელია. ადვოკატი იმედოვნებს, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
"მე მაქვს იმედი, რომ საქართველოს პრეზიდენტი გადარჩება და არ გამოიყენებენ კანონს პოლიტიკური დასჯისთვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი იძლევა უფლებას, რომ პატიმარი, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია, შეიძლება მისი სასჯელი გადავადებული იყოს. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ სააკაშვილი წამების მსხვერპლია, არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ამ კანონის გამოყენება მასთან მიმართებაში სრულიად შესაძლებელია. მე მაქვს იმედი, რომ სწორ ნაბიჯს გადადგამენ, - თქვა მან "მთავარი არხის" ეთერში.