
ირანში, ბოლოდროინდელი ანტისამთავრობო აქციების მონაწილე სიკვდილით პირველად დასაჯეს.
მოჰსენ შეკარი ხუთშაბათს დილით ჩამოახრჩვეს მას შემდეგ, რაც რევოლუციურმა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო „ღმერთის მტრობაში“.
მას ბრალად ედებოდა „ბუნტი“ და 25 სექტემბერს, თეირანის მთავარი გზის გადაკეტა, ასევე სამხედროს დანით დაჭრა.
ნორვეგიაში დაფუძნებული ირანის ადამიანის უფლებების ორგანიზაციის დირექტორი, მაჰმუდ ამირი-მოგადამი შიშობს და ვარაუდობს, რომ ძლიერი საერთაშორისო ზეწოლის გარეშე, ირანის ხელისუფლება მასობრივად დაიწყებს დაპატიმრებული დემონსტრანტების სიკვდილით დასჯას.
აქციები კი ქვეყანაში უკვე რამდენიმე თვეა, ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. ის "მორალის პოლიციამ" დააკავა და მათ მიერ მიყენებული მძიმე ფიზიკური დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში დაიღუპა.