
ლატვიასა და ლიეტუვას შემდეგ რუსული ტელეკომპანია "დოჟდის" მაუწყებლობა 8 დეკმებრიდან ესტონეთშიც მთლიანად შეჩერდება.
განცხადება მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტმა გააკეთა.
გამოცემა Postimees წერს, რომ მიზეზი იგივეა, რაც ლიეტუვის შემთხვევაში, ლიცენზია, რომელიც ლატვიის ხელისუფლებამ გააუქმა, "დოჟდს" თავისი კონტენტის ევროკავშირში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში გავრცელების შესაძლებლობას აძლევდა.
მანამდე, 6 დეკემბერს, ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) გამოაცხადა, რომ ტელეარხ "დოჟდს" ქვეყანაში მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმდა. დეპარტამენტის თავმჯდომარემ ივარს აბოლინსმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის საფრთხის გამო მიიღეს.
7 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვამ გააუქმა „დოჟდს“ მაუწყებლობის ლიცენზია.
პირველ დეკემბერს, ტელეკომპანიის ეთერში, ტელეწამყვანმა ალექსეი კოროსტელევმა რუსი სამხედროებისთვის "დახმარების" შესახებ ილაპარაკა. "დოჟდმა" ეს წამყვანი სამსახურიდან გაუშვა. ლატვიამ დაიწყო ტელეარხის თანამშრომლებისთვის ქვეყანაში ყოფნის ნებართვის გაუქმების პროცესი.
მანამდე, ლატვიის მარეგულირებელმა "დოჟდი" 10 000 ევროთი დააჯარიმა რუკისთვის, რომელშიც ტელეარხმა ანექსირებული ყირიმის ტერიტორია რუსეთის შემადგენლობაში მონიშნა და რუსულ ჯართან მიმართებაში გამოიყენა სიტყვა "ჩვენი".
ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (VDD) დაიწყო გამოძიება ტელეკომპანია "დოჟდის" ეთერში გაკეთებულ განცხადებებზე, რომლებიც აჩენდა ეჭვს, რომ ტელეარხი დახმარებას უწევდა რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედროებს.