საქართველოს მესამე პრეზიდენტი ექიმებისა და შესაბამისი უწყების მოლოდინშია, მისცემენ თუ არა მას სასამართლოზე დასწრების უფლებას. მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ სურვილი აქვს დაესწროს სხდომას, სადაც მისი თქმით, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდება.
"ვივა მედის" დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ დღეს მედიის კითხვებს არ უპასუხა და მედია არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა:
"არანაირ კომენტარს მე თქვენ ახლა ვერ მოგცემთ, თქვენ მოგვეცით ჩვენ მოგვეცით უფლება და საშუალება ვიმუშაოთ პაციენტთან. არანაირი კომენტარი არ იქნება, იმიტომ, რომ თქვენ აკეთებთ არასწორ ინტერპრეტაციას ჩვენი თქმულის".
გიული ალასანიამ თქვა, რომ არ აქვს მოლოდინი ექიმებმა მიხეილ სააკაშვილს პროცესზე დასწრების უფლება მისცენ.
ადვოკატები ფიქრობენ დააყენონ შუამდგომლობა გასვლითი სხდომის ჩატარებაზე, იმ შემთხვევაში, თუ მედიას პირდაპირ ეთერში პროცესის გაშუქების საშუალება ექნება. გარდა ამისა, შესაძლებელია მიხეილ სააკაშვილი პროცესს ონლაინ ფორმატით დაესწროს.
ცნობისთვის, დღეს, 13 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი არევაძემ უნდა იმსჯელოს მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე, ან სასჯელისგან გათავისუფლებაზე. პარალელურად სასამართლოსთან აქციაა დაგეგმილი.