აბასთუმნის მაგალითმა წარმოაჩინა, როგორ იყენებს ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო ინსტიტუციებს - TI-ს კვლევა

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილი მთელ რიგ სახელმწიფო ინსტიტუტებს იმ გარემოს გასაუმჯობესებლად იყენებს, სადაც საკუთარ ბიზნესპროექტებს ახორციელებს, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საკუთარ კვლევაში საუბრობს.

როგორც ორგანიზაცია წერს, ამის მაგალითი აბასთუმნის კურორტია, რადგან იგი "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის მხოლოდ მას შემდეგ გახდა პრიორიტეტული, რაც ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ "აბასთუმანი უნდა გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი მსოფლიოში".

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევამ აბასთუმნის მაგალითზე წარმოაჩინა, თუ როგორ იყენებს ბიძინა ივანიშვილი მთელ რიგ სახელმწიფო ინსტიტუციებს იმ გარემოს გასაუმჯობესებლად, სადაც საკუთარ ბიზნესპროექტებს ახორციელებს და როგორ სწრაფად და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე წარმართავს სახელმწიფო მნიშვნელოვან საბიუჯეტო რესურსებს საამისოდ" - წერს ორგანიზაცია.

"მთავრობამ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აბასთუმანში მას შემდეგ დაიწყო, რაც კურორტით საკუთარი ეკონომიკური დაინტერესება ბიძინა ივანიშვილმა გამოხატა. 2018 წლის აგვისტოდან დღემდე 6-მა საჯარო უწყებამ აბასთუმნის განვითარებისთვის დახარჯა 249,920,551 ლარი, თითქმის 14-ჯერ მეტი, ვიდრე 2012-2018 წლებში. ამ თანხის 83.1% „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მიიღეს. მათ, სხვადასხვა დროს, მმართველი პარტიის ანგარიშზე 1,276,000 ლარი აქვთ შეტანილი.", - ვკითხულობთ TI-ს კვლევაში.

არასამთავრობო ორგანიზაციამ 2012 წლიდან დღემდე აბასთუმანში პრივატიზებული ქონება და 6 სახელმწიფო უწყების შესყიდვები შესწავლა და კვლევის ფარგლებში შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოყო:

  • 2012 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, აბასთუმანში სახელმწიფომ  67,790 კვ.მ. მიწა გაყიდა. ეს ფართობი ჯამში 26 სუბიექტმა შეიძინა  8,693,501 ლარად. გაყიდული ფართის  95,3% - 64,649 კვ.მ. ბოლო 4 წელიწადში 18 სუბიექტზე გასხვისდა. ჯამში, მათ 8,392,301 ლარი გადაიხადეს.
  • 18 სუბიექტიდან, რომლებმაც 2018 წლის აგვისტოდან შეიძინეს მიწა აბასთუმანში,  14  „ქართულ ოცნებასთან“ არის დაკავშირებული. მათ ჯამში 59,276 კვ.მ. ფართობი 7,490,400 ლარად იყიდეს[1]. აქედან, 9 სუბიექტი უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული -  მათ ჯამში, 52,443 კვ.მ. მიწა  6,417,200 ლარად შეიძინეს.
  • 2012-2022 წლებში, 6-მა სახელმწიფო უწყებამ, აბასთუმანში, როგორც კურორტზე ასევე, სოფელში, ჯამში, 177 სახელმწიფო შესყიდვა გამოაცხადა და მათზე  267,490,306 ლარი დახარჯა. ამ თანხის 93.4% -  249,920,551 ლარი 2018 წლის აგვისტოდან დღემდე დაიხარჯა, ანუ მას შემდეგ, რაც აბასთუმნით ბიძინა ივანიშვილი  დაინტერესდა.
  • 2018-2022 წლებში აბასთუმანში სახელმწიფო შესყიდვებით გახარჯული თანხის 83,1% -  207,720,451 ლარი „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა  კომპანიებმა მიიღეს. მათ, სხვადასხვა დროს მმართველ პარტიას  1,276,000  ლარი შეწირეს.
  • 2018 წლის აგვისტოდან დღემდე აბასთუმანში განხორციელებული საჯარო შესყიდვებიდან 145,101,148 ლარი, ანუ მთლიანად გახარჯული თანხის 58,1%, “ქართული ოცნების” შემომწირველებთან დაკავშირებულმა  კომპანიებმა უკონკურენტოდ და სხვა პრეტენდენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მიიღეს.
  • მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებული  კომპანიებიდან აბასთუმნის ტენდერებში ყველაზე მეტი თანხა შპს „არალმა“ და შპს „ჯეუ გრუპმა“ მიიღეს, ჯამში - 140,492,444 ლარი.
  • 2018-2022 წლებში, ყველაზე მეტი თანხა - 150,968,119 ლარი, 16 შესყიდვით საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოყო.  ყველაზე ნაკლები კი - 126,697 ლარი 2 შესყიდვით - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ.
  • ყველა უწყებამ, გარდა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისა, ბოლო ოთხწელიწადნახევარში იმაზე მეტი დახარჯა, ვიდრე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველ 6 წელიწადში.
  • 2012 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე 5 სახელმწიფო უწყებას სულ 110 სახელმწიფო შესყიდვით 17,569,755 ლარი ჰქონდა დახარჯული. აქედან, 15 სახელმწიფო შესყიდვის  7,302,165 ლარის ჯამური ღირებულების კონტრაქტები „ქართული ოცნების“ შემწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა  მიიღეს. მათ მმართველ პარტიას, სხვადასხვა დროს ჯამში 220 000 ლარი შეწირეს.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი