
რუსეთში, დონის როსტოვის ლენინსკის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა პაველ ნიკოლინი, რომელიც ეჭვმიტანილია როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოშახტინსკში პოლიციელის დაჭრაში - ინფორმაციას რუსული "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
„ეჭვმიტანილ ნიკოლინ პაველს აღკვეთის ღონისძიების სახით, შეეფარდა პატიმრობა 2023 წლის 6 თებერვლის ჩათვლით“, - თქვა მოსამართლემ.
როგორც ნიკოლინმა ჟურნალისტებს უთხრა, მან არ იცოდა, რომ საზღვარი გადაკვეთა, ეგონა, რომ უკრაინელი სამხედროების წინაშე აღმოჩნდა და ამიტომ გაისროლა. მისი თქმით, რუს პოლიციელებს ფორმა არ ეცვათ და არც საბუთები წარუდგენიათ.
რუსული მედიის ცნობით, ეჭვმიტანილმა ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა ის "ვაგნერის დაჯგუფების" წევრი, დადებითი პასუხი გასცა, თუმცა მოგვიანებით დაამატა, რომ "არ შეეძლო ამ კითხვაზე პასუხის გაცემა".
"ვაგნერის" დამფუძნებელმა, პუტინის "მზარეულად" ცნობილმა ევგენი პრიგოჟინმა პირობა დადო, რომ ჩაატარებს გამოძიებას და გაარკვევს, მართლა მსახურობდა თუ არა ნიკოლინი მის დაჯგუფებაში.
შეგახსენებთ, 6 დეკემბერს რუსეთში, ნოვოშახტინსკში შენიღბულმა კაცმა ცეცხლი გაუხსნა პოლიციის თანამშრომლებს, რის შედეგადაც ერთ-ერთი ოფიცერი დაჭრა. სროლის შემდეგ შეიარაღებული პირი გაიქცა. არსებული ინფორმაციით, პირი, რომელმაც რუსეთში პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, ომიდან გამოქცეული "ვაგნერის დაჯგუფების" წევრია.