საქართველოს იმ მოქალაქეებიდან ვინც მექსიკის ციხეში უკეთესი მომავლის იმედით პატიმარი გახდა და შეერთებულ შტატებში შესვლას ცდილობს, ბევრი ძალოვანი უწყების თანამშრომელია. ამისთვის რამდენიმე მაგალითიც საკმარისია. სამსახური დატოვა, მექსიკის გავლით ამერიკაშია მარნეულის პოლიციის უფროსი. იგივე გზა გაიარა ოზურგეთის პოლიციის უფროსმაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი მაღალჩინოსანი - საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის უფროსიც იძულებით ემიგრაციაშია.
შინაგან საქმეთა მინისტრი უწყებიდან პოლიცილიელთა ჭარბ გადინებაზე ღიად არ საუბრობს, თუმცა ნაბიჯები რომელსაც უწყება დგამს კადრების ნაკლებობას სამინისტროში ნამდვილად ადასტურებს. მუშაობის დაწყებისთვის პოლიციის აკადემიაში სწავლის დრო მნიშვნელოვნად შემცირდა. ვისაც პატრულ-ინსპექტორობა, უბნის ინსპექტორობა ან მართლწესრიგის ოფიცრობა სურს, მომზადებისთვის ოთხთვენახევრის ნაცვლად თვენახევარი სჭირდება. პოლიციის მუშაობის შიდა სპეციფიკას ვინც კარგად იცნობს, ყველა ადასტურებს, რომ ეს ბოლო თვეების ტენდეციასა და თანამშრომლების მასობრივ გადინებას უკავშირდება.