ზეიმი გმირების გარეშე - "ქართულ ოცნებას" ახალი წლის დღესასწაულზე საქართველოსთვის დაღუპულთა პორტრეტები ეუხერხულება. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის მიმდებარე ტერიტორიიდან 34 დაღუპული მებრძოლის სახელდახელო მემორიალი გმირთა მოედანზეა გადატანილი.
ოფიციალურ განცხადებაში თბილისის ადმინისტრაცია წერს, რომ რუსთაველის გამზირი უნდა იყოს ადგილი, სადაც ადამიანები ახალ წელს ბედნიერებას და სიხარულს დაიბედებენ. მაგრამ არავინ განმარტავს, რატომ არ შეიძლება დღესასწაული საამაყო გმირების პორტრეტების ფონზე, მითუმეტეს იქ, სადაც 9 აპრილს დაღუპულთა და ქართველ იუნკერთა მემორიალიც არის.
ეს ცალსახად საეჭვო გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გახდა იმის მტკიცების მიზეზი, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება უკრაინაში მებრძოლებსა და დაღუპულებს ზურგს აქცევს და ეს პირველ რიგში კრემლის არ-გაღიზიანებისთვის კეთდება.
ფოტო-პორტრეტების გადატანის გარდა, მთელი დღის განმავლობაში მმართველი პარტიის ლიდერები კვლავ გაურბოდნენ კითხვას - მტერია თუ არა რუსეთი. ირაკლი კობახიძემაც კი, რომელიც გუშინ ამბობდა, რომ ცნება - მტერს, სხვადასხვა გაგება აქვს, დღეს საერთოდ გაჩუმება არჩია.