ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი კატარში - კორუფციის საქმეზე ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი დააკავეს

გამოქვეყნდა:

ბელგიის პოლიციამ ევროპარლამენტთან დაკავშირებული სულ მცირე, 4 ადამიანი დააკავა. ისინი ეჭვმიტანილი არიან ფულის გათეთრებაში, კორუფციასა და კატარის ინტერესების ლობირებაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის იქ გამართვასთან დაკავშირებით.

გამოძიება საქმესთან დაკავშირებული დაკავებულების ვინაობას ოფიციალურად არ ასახელებს. მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არის ევროპარლამენტის ერთ-ერთი ვიცეპრეზიდენტი და საბერძნეთის სოციალისტური პარტიის, PASOK-ის წევრი, ევა კაილია. ბერძნულ პრესაში ვრცელდება პარტიის განცხადებაც, რომლის თანახმადაც, კორუფციაში ბრალდების გამო, კაილი პარტიიდან გარიცხეს.

ასევე მედიის ცნობით, საქმეზე დაკავებულები არიან პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივანი, ლუკა ვისენტინი და ევროპარლამენტის ყოფილი დეპუტატი იტალიიდან, პიერ ანტონიო პანცერი.

ბელგიის პოლიციამ ეჭვმიტანილები რამდენიმე ჩხრეკის შემდეგ დააკავა, ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ დაახლოებით 600 000 ევრო, ნაღდი ფული ამოიღო, ასევე, ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები. 

ბელგიის პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უწყება ეჭვობს, რომ კატარს ევროკავშირში პოლიტიკურად სტრატეგიული პირების მოსყიდვა სურს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი