ამ წუთებში "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა იწყება. სხდომას კობა ნაყოფია უხელმძღვანელებს. პარტიის ოფისში უკვე მივიდნენ თავმჯდომარეობის კანდიდატები: მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი. რაც შეეხება გიორგი მუმლაძეს, არსებული ინფორმაციით, ის სხდომას არ დაესწრება, თუმცა შეხვედრაზე მისი მხარდამჭერები იქნებიან.
აღსანიშნავია, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მთავარი საკითხი იქნება მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა და უცხოეთში სამკურნალოდ გაყვანის გზებზე მსჯელობა.
მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ კომენტარს მედიისთვის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთებს. ლევან ხაბეიშვილმა კი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ აზრთა სხვადსხვაობის გამო, პოლიტსაბჭოს სხდომაზე ცხარე კამათი არ იქნება, რადგან ენმ-ს ახლა ერთობა სჭირდება.
"დღევანდელ პოლიტსაბჭოზე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთობა და შესაბამისად, ჩვენი მხრიდან რაიმე საკითხზე, განსხვავებულ პოზიციებზე კამათს, ან პოლიტსაბჭოს წევრების უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება, რომ რაიმე პოზიცია დაიკავონ ადგილი არ ექნება. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, და სასამართლო პროცესი, ამიტომ გვაინტერესებს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის გეგმა, რას აპირებს უახლოეს დღეებში და მნიშვნელოვანია გამოცხადდეს შიდაპარტიული არჩევნების თარიღი" , - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
დღეს უნდა გადაწყდეს არჩევნების თარიღი და არჩევნების ჩატარების ფორმატი. ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები ხმის მიცემის ღია პრინციპს უჭერენ მხარს, ნიკა მელიას მხარდამჭერები კი "ბლოკჩეი" სისტემას, რაც ხმის მიცემის ფარულობას უზრუნველყოფს.