ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბელარუსი უკრაინაში შეიჭრას - ISW

გამოქვეყნდა:

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) თანახმად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბელარუსი უკრაინაში შეიჭრება, თუმცა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მაშინაც კი თუ ეს მოხდა, ბელარუსის არმია ვერ შეძლებს რაიმე მნიშვნელოვანი ოპერატიული წარმატების მიღწევას.

ამერიკელი ანალიტიკოსები წერენ, რომ რუსეთის ოფიციალური პირები მუდმივად ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს შესაძლოა, ბელარუსის სახმელეთო ჯარები შეუერთდნენ რუსეთის ომს უკრაინაში. მათივე თქმით, ამ საინფორმაციო კამპანიას ხშირად უერთდებიან ბელარუსელი ოფიციალური პირები და თავად ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო. ექსპერტების აზრით, ამ ძალისხმევის მიზანია უკრაინული ძალების მიმაგრება ბელარუსის საზღვარზე, რათა მათ არ გააძლიერონ უკრაინული ოპერაციები სხვა ადგილებში.

"როგორიც არ უნდა იყოს ამ საინფორმაციო ოპერაციების მიმდინარეობა, ბელარუსის უკრაინაში შეჭრა წარმოუდგენლად ნაკლებად სავარაუდოა. უფრო მეტიც, მინსკის ხელთ არსებული უკიდურესად შეზღუდული ეფექტური საბრძოლო ძალაუფლების გათვალისწინებით, ბელარუსის ინტერვენცია უკრაინაში ვერ შეძლებს უკრაინის სახმელეთო ძალების დროებით დაშორებას ფრონტის სხვა ხაზებიდან", - წერს ISW ანგარიშში.

ომის კვლევის ინსტიტუტი ასევე აღნიშნავს, რომ კრემლის ძალისხმევა, ზეწოლა მოახდინოს ბელარუსზე, რათა მხარი დაუჭიროს რუსეთის თავდასხმების კამპანიას უკრაინაში, ბელარუსზე შემდგომი კონტროლის განმტკიცების მცდელობის ნაწილია.

გარდა ამისა, ექსპერტები წერენ, რომ ბელარუსის უკრაინაში შეჭრა ასევე ნაკლებად სავარაუდოა ქვეყანაში არსებული დინამიკის გამო. კერძოდ, 2020-2021 წლებში ლუკაშენკოს მმართველობის წინააღმდეგ პროტესტის ჩასახშობად, ლუკაშენკო  ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურებთან ერთად, ბელარუსის შეიარაღებული ძალების ელემენტებს ეყრდნობოდა. უკრაინის ომში უსაფრთხოების ამ აპარატის მნიშვნელოვანი ნაწილის მიწოდებამ, შესაძლოა, განაახლოს წინააღმდეგობა ლუკაშენკოს მიმართ. ექსპერტების აზრით, ლუკაშენკომ ასევე იცის, რომ უკრაინაში შეჭრა ძირს უთხრის მის, როგორც სუვერენული ქვეყნის ლიდერის სანდოობას, რადგან ასეთ შემთხვევაში აშკარა გახდება, რომ რუსეთის მცდელობამ, უზრუნველყოს ბელორუსიაზე სრული კონტროლი, წარმატებას მიაღწია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი