14 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში უცხოელი ექსპერტები, ნევროლოგი - ემანუელ ლახანი და ფსიქოლოგი - დევიდ გოლდსმიტი დაიკითხებიან.
უცხოელმა ექსპერტებმა მოსამართლე გიორგი არევაძეს უნდა აუხსნან, რატომ ფიქრობენ, რომ ის სიმპტომები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება, მოწამვლის შედეგია.
უცხოელ ექსპერტებთან ერთად სასამართლოზე დაიკითხება ცენტრ "ემპათიის" დამფუძნებელი, მარიამ ჯიშკარიანი.
ჯერ-ჯერობით უცნობია ექსპერტები პირადად წარდგებიან სასამართლოზე თუ დისტანციურად ჩაერთვებიან სხდომას.
ემანუელ ლახანი ნევროლოგია, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს ნევროლოგიური კვლევა ჩაუტარა, გარდა ამისა, მისი უშუალო მონაწილეობით გაკეთდა ტოქსიკოლოგიური კვლევაც.
დევიდ გოლდსმიტი კი ფსიქიატრია, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს ფსიქიატრიული კვლევები ჩაუტარა. რაც შეეხება მარიამ ჯიშკარიანს, იგი იმ საექსპერტო ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დამძიმების შესახებ საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა.
ცნობისთვის, სასამართლო, რომელზეც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე, ან მოხდისგან გათავისუფლებაზე უნდა ომსჯელონ, ოთხშაბათს, 14 დეკემბერს, 11 საათზე გაიმართება. სხდომაზე დასწრება სურს თავად მესამე პრეზიდენტსაც.
ავტორი: ზურა პეტროსიანი