მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მის შესაძლო მოწამვლაზე ფრანგულ ტელეარხ LCI-ზე ისაუბრეს. ძირითადი აქცენტი გაკეთდა მესამე პრეზიდენტის ამჟამინდელ მდგომარეობასა და ამერიკელი ექსპერტების დასკვნაზე, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილი ციხეში ყოფნის პერიოდში მოწამლეს.
ფრანგი ჟურნალისტები არ გამორიცხავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის უკან რუსეთი იდგეს. ისინი პარალელებს ავლებენ იმ ადამიანებთან, რომლებიც რუსეთში განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო მოწამლეს.
"დღეს საგანგაშო მდგომარეობაშია პრეზიდენტი. სავარაუდოდ, ის მოწამლულია ნელ-ნელა, პატარა დოზებით, რამდენიმე თვის განმავლობაში. ასეთი საქციელი გვახსენებს რუსულ მეთოდებს და ძალიან კარგად გვახსოვს ვიქტორ იუშჩენკოს ისტორია, რომელიც 2004 წელს დიოქსიდით მოწამლეს, 2006 წელს ალექსანდრ ლიტვინენკო, ყოფილი აგენტი პოლონიუმით მოწამლული და 2018 წელს სერგეი სკრიპალი ნოვიჩოკით. პრეზიდენტის მეგობრის, გიორგი ჩალაძის განცხადებით, ეს მოწამვლა თავის ხელწერას ატარებს - ხელწერას იმ ქვეყნისა, რომელმაც სააკაშვილი ნომერ პირველ მტრად დაასახელა.
ეს არის ქართველი ხალხისა და ხელისუფლების პროვოკაცია. მთავარი კითხვები ამ შემთხვევაში არის, პრეზიდენტი მოწამლეს რუსეთის აგენტებმა საქართველოს ტერიტორიაზე, თუ ამაში რუსეთზე დამოკიდებული ქართული ხელისუფლების ხელი ურევია" ,- თქვა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა.
გადაცემაში ასევე მიწვეული იყო Le Figaro-ს ჟურნალისტი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ამავე თემაზე სტატიაც გამოაქვეყნა.
იზაბელა ლასსარის თქმით, მას ექიმების დასკვნაში ეჭვი არ ეპარება. მანვე აღნიშნა, რომ ოჯახს მიხეილ სააკაშვილის მოწამვლაზე ეჭვი დიდი ხანი ჰქონდა.
"ერთ-ერთი მათგანი ნობელის პრემიის ლაურეატია. პრეზიდენტის ახლობლები უკვე დიდი ხანია ეჭვობდნენ მოწამვლაზე, მაგრამ სანამ მრავალ სპეციალისტს არ შეამოწმებინეს და ანალიზები სხვადასხვა ლაბორატორიაში არ გადამოწმდა, არ ულაპარაკიათ", - თქვა იზაბელა ლასსარმა.
მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლაში რუსეთის მონაწილეობა არც იზაბელა ლასსარმა გამორიცხა. მისი თქმით, კრემლისთვის ეს მეთოდი უცხო არაა, თუმცა იქვე გამოთქვა ვარაუდი, რომ მოწამვლა შეიძლება, "ახლანდელი ხელისუფლების მხრიდან ან კონკრეტული ადამიანისგან" მოდიოდეს.
"ეს არის ბუნებრივი ეჭვი იმის შემდეგ, რაც ვიცით, როგორ ექცევა კრემლი თავის ოპოზიციონერებს. მაგრამ საქმე ისაა, რომ რაკი ახლა პუტინი ძალიან დაკავებულია, შეიძლება ეს მოწამვლა ახლანდელი ხელისუფლების მხრიდანაც მოდიოდეს, ან არ ვიცი, შეიძლება კერძო პირისგან. ამის გარკვევა, ამ პერიოდისთვის შეუძლებელია, ის ჯერ ციხიდან უნდა გამოვიდეს, მოთავსდეს სადმე, ევროპულ კლინიკაში, რომ ზუსტად დადგინდეს, რა მომენტში მოწამლეს ის", - თქვა მან.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს დახმარების თხოვნით მიმართა. მესამე პრეზიდენტი წერილში აღნიშნავდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი მას ერთ-ერთ მთავარ მტრად აღიქვამს და მას საჯაროდ დაჰპირდა მოკვლას.