თქვენი ბელადი პუტინს ეძახდა ლილიპუტინს, თქვენი მიზანია მეორე ფრონტი- კობახიძე ისევ არ ამბობს, არის თუ არა რუსეთი მტერი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მიმართ წინა ხელისუფლების "აგრესიულმა რიტორიკამ" განაპირობა.

კობახიძემ არც ამჯერად უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა რუსეთი მტერი და თქვა, რომ შეკითხვის მიზანი ესკალაციის წახალისებაა, რომელიც "ერთ პატარა ნაბიჯს გადაგვადგმევინებს მეორე ფრონტისკენ".

"მე ყველაფერს ძალიან მკაფიო პასუხი გავეცი და ჩემი პასუხი ყველასთვის ნათელი იყო, ვისაც უნდოდა ამ პასუხიდან შინაარსის ამოღება. რაც შეეხება აგრესიული რიტორიკის წახალისებას, მე შეგახსენებთ, რომ თქვენი ბელადი მაგალითად, პუტინს ეძახდა ლილიპუტინს და მას ჩააბარა ტერიტორიების 20% რა ჯობდა, ცოტა სხვანაირი რიტორიკა გამოეყენებინა და არ ჩაებარებინა 20% თუ პირიქით?! მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ნუ იქნებით იმის წამქეზებელი, რისი მიზანიც არის მეორე ფრონტი საქართველოში. თქვენი ერთადერთი მიზანი არის საქართველოში რაღაცების ესკალაცია და მეორე ფრონტის გამოწვევა, ეს არის თქვენი ერთადერთი მიზანი და ეს კითხვებიც აქედან გამომდინარეობს, თქვენი მიზანი არის მიიღოთ ისეთი პასუხი, რომელიც წაახალისებს ესკალაციას და რომელიც ერთ პატარა ნაბიჯს გადაგვადგმევინებს მეორე ფრონტისკენ, ეს არის მიზანი", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

არის თუ არა რუსეთი მტერი? ეს კითხვა მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა გასულ კვირასაც დაუსვეს. კობახიძემ მაშინ თქვა, რომ ეს "მარტივი კითხვა არაა და მთავარი ანალიზია".

"მტერს აქვს სხვადასხვა გაგება და თქვენ მეკითხებით ცალსახად რაღაცას. მტერის ერთი გაგება არის, რომ ვიღაცას ეომები, მეორე გაგებაა, რომ ორგანული დაპირისპირება გაქვს, მესამე გაგება არის რაღაც კიდევ და ა.შ. მე ამ ანალიზში შემოვდივარ და თქვენ მეუბნებით, მტერი არის თუ - არ არის, მოყვარეა, მეგობარია თუ ბიძაშვილია", - თქვა კობახიძემ 8 დეკემბერს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი