
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროკავშირი ირანის რევოლუციური გვარდიის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დააწესებს.
"სანქციების ეს პაკეტი განსაკუთრებით ეხებათ მათ, ვინც, პასუხისმგებელია სიკვდილით დასჯაზე და უდანაშაულო ადამიანების მიმართ ძალადობაზე. ეს არიან რევოლუციური გვარდიის წევრები და ასევე ისინი, ვინც ცდილობენ ხალხის დაშინებას ან დასჯას", - თქვა ანალენა ბერბოკმა.
მანამდე შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა მორალის პოლიციასა და უსაფრთხოების სამსახურების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ირანში მიმდინარე პროტესტის ჩახშობაზე არიან პასუხისმგებელი.
ირანში საპროტესტო აქციები უკვე ოთხი თვეა მიმდინარეობს. პროტესტი 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. მაჰსა ამინი ირანის მორალის პოლიციამ მკაცრი წესების დარღვევის ბრალდებით დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა. სამართალდამცველების მიერ ნაცემი ახალგაზრდა გოგო მოგვიანებით კლინიკაში გარდაიცვალა.
უწყვეტი აქციების შემდეგ ირანის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მორალის პოლიცია უქმდება.