ვის სურს დაძაბულობის ახალი კერა მარნეულში? - ნარიმან ნარიმანოვის ძეგლი

გამოქვეყნდა:

ფოტო, რომელიც გუშინ, მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღების მოთხოვნით შეკრებილმა აქტივისტთა ნაწილმა დღის ბოლოს გადაიღო. ფოტოზე პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძისა და მეუფე გიორგი ჯამდელიანის გარდა მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი და მერიის ერთ-ერთი თანამშრომელი არიან. ეს ფოტო ადგილობრივებს კითხვის ნიშნებს უჩენს და აქციების პოლიტიკურ მოტივზე საუბრობენ.

ვინ და რატომ ითხოვს ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღებას? მარნეულის ცენტრში საბჭოური მწერლისა და ბოლშევიკის ბიუსტი ათწლეულებია დგას, თუმცა მისი აღების თემა ბოლო პერიოდში გააქტიურდა.

მარნეულში ძეგლის საკითხის წამოწევას მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებენ. ადგილობრივი აქტივისტები ფიქრობენ, რომ მიზეზი, შესაძლოა, პოლიტიკური გავლენების გაძლიერების სურვილი იყოს.

გუშინდელ აქციაზე გაჟღერებული აგრესიული განცხადებები მიუღებელია სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხისთვის. 

მარნეული წინასაარჩევნოდ ყოველთვის ცხელი წერტილია, მაგრამ კონკრეტულად ვის ინტერესებშია დაპირისპირება, ამაზე ღიად ვერც სამოქალაქო სექტრში საუბრობენ და ვერც ადგილობრივები ლაპარაკობენ. არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, განსაკუთრებით ართულებს ვითარებას ის გარემოება, რომ ამ პროცესში სასულიერი პირები არიან ჩართული. 

ვინ არიან ადამიანები, რომლებიც გუშინ აქციაზე იდგნენ? არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, მნიშვნელობანია საზოგადოებამ იცოდეს მათ შესახებ, ვინც ბოლო რამდენიმე თვეა ორგანიზებას უწევს მსგავს აგრესიულ აქციებს. ასევე ცნობილი უნდა გახდეს მათი დაფინანსების წყაროები.

ძეგლის აღების მოთხოვნის პოლიტიკურ მოტივზე ღიად საუბრობენ პოლიტოლოგები. მათი შეფასებით, ძეგლის აღება და დადგმა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის გადასაწყვეტია და სხვა ძალების ჩარევა დაპირპსირების რისკს ზრდის. 

რატომ დუმს ხელისუფლება? მარნეულში განვითრებულ მოვლენებზე, რომელიც სამოქალაქო სექტორის შეფასებით, შესაძლოა, კიდევ უფრო გამწვავდეს, ხელისუფლების სიჩუმე გაუმართლებლია, უმოქმედობა კი არაადეკვატური. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ დღის ბოლოს ერთობლივი განცხადებაც გაავრცელა. ისინი მმართველ ძალას დაძაბულობის განსამუხტად პოლიტიკური პროცესის წარმართვისკენ მოუწოდებენ.

ვინ არის ნარიმან ნარიმანოვი? 

ნარიმან ნარიმანოვი 1870 წელს, საქართველოში დაიბადა. დაბადების კონკრეტულ ადგილად, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, დასახელებულია თბილისი და სოფელი ყიზილაჯლო. ნარიმანოვი საქართველოდან 1891 წელს წავიდა და საცხოვრებლად ჯერ - ბაქოში, ხოლო შემდეგ - მოსკოვში გადავიდა.

მის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ მისი წარსული დიდწილად ბოლშევიკურ საქმიანობას უკავშირდება.

სხვადასხვა წყაროს ცნობით:

  • 1916 წელს ნარიმანოვი ბაქოს ბოლშევიკთა ორგანიზაციის ლეგალური ცენტრის მმართველობაში აირჩიეს;
  • 1918 წელს გახდა ბაქოს რევოლუციური კომიტეტის წევრი;
  • 1919 წლიდან დაინიშნა სახალხო კომისარიატის განყოფილების გამგედ;
  • 1920 წელს, ბოლშევიკური ოკუპაციის დროს, აზერბაიჯანის რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე იყო;
  • 1922 წელს საბჭოთა კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავკაცად დაინიშნა;
  • ნარიმანოვი 1925 წელს, მოსკოვში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ის კრემლის კედელთან არის დასაფლავებული.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი