ოპოზიციასა და „ოცნებას“ შორის ევროკავშირის ელჩის ინიციატივით გამართული არაფორმალური შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა

გამოქვეყნდა:

მოლაპარაკებების მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის  კიდევ ერთი არაფორმალური შეხვედრა სამ საათს გაგრძელდა. ამერიკის ელჩის მოადგილესთან გამართული შეხვედრის შემდეგ დაპირისპირებული მხარეები ერთ მაგიდასთან ევროკავშირის ელჩმა მიიწვია.

ევროპელი დიპლომატის ინიციატივით გამართული შეხვედრის მთავარი საკითხი ისე საარჩევნო სისტემა და ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ჩაშლილი  მოლაპარაკებები იყო.

„ქართული ოცნების“ წევრები შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ არ გამორიცხავდნენ, რომ კომპრომისებზე საუბარი შესაძლებელია.

ძალიან პოზიტიური გავლენა მოახდინა ჩვენს შორის არსებულ კომუნიკაციაზე შეხვედრამ. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი იქითკენ, რომ ჩვენ შევხვდეთ კიდევ ერთხელ და შემდეგი დიალოგის ფარგლებში მთავარი საკითხები ერთმანეთთან შევათანხმოთ“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ კი აღნიშნა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადება, რომ მმართველმა გუნდმა ოპონენტებს 110/40-ზე ვერსია შესთავაზა.

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციის დატოვების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ შეთანხმებაზე საუბარი ნაადრევია.

ხელისუფლების ოპონენტები კი მოლაპარაკების განახლების წინაპირობად კვლავ პოლიტიკური დევნის შეწყვეტას და პროპორციულ სისტემასთან მიახლოებული საარჩევნო სისტემის შემუშავებას ასახელებენ.

მე ჯერ ვერ ვხედავ ვერანაირ არსებით გააზრებას ივანიშვილისგან და მერე უკვე მისი სხვადასხვა პოლიტიკური სპიკერისგან თუ კლოუნისგან, რომ უნდა შეიცვალონ პოზიცია. ვითარება არ შეცვლილა არანაირად, ჩვენი პოზიცია არის იგივე, რომ ორი კომპონენტი გვაქვს იმისთვის, რომ მოხდეს ქვეყანაში ნორმალიზაცია. ერთი არის, პოლიტიკური დევნის შეჩერება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და მეორე არის საარჩევნო სისტემაზე ისეთი კომპრომისი, რომელიც საზოგადოების დაკვეთას პასუხობს“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

დღევანდელ შეხვედრას „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ასევე აღნიშნეს, კომპრომისებზე ჯერ საუბარი არ ყოფილა.

ყინული არის დაძრული, რეალური შესაძლებლობა ჩნდება, რომ დიალოგი ფორმალური განახლდეს. დრეს იყო ახალ შემოთავაზებებზე საუბარი, თუმცა, საბოლოო პოზიცია, კონკრეტული პოზიციის გაჟღერება ჯერ ძალიან ადრეა“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი