ამერიკაში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული ამბობს, რომ პაციენტის პირადი კადრების გასაჯაროება საერთაშორისო სტანდარტებით, სისხლის სამართლის დანაშაულია. "მთავარი არხის" საგანგებო ეთერის დროს, ზურაბ გურულმა მიხეილ სააკაშვილის კადრებზე ისაუბრა, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა.
"სამედიცინო იურიდიული მხარე რომ განვიხილოთ, შემიძლია უყოყმანოდ ვთქვა, რომ იუსტიციის მინისტრი აბსოლუტურად უვიცი გახლავთ. საერთაშორისო სტანდარტებით, იუსტიციის მინისტრი, სისხლის სამართლის დამნაშავეა, იმიტომ რომ ნებაყოფლობით გაასაჯაროვა პაციენტის პირადი კადრები. არ აქვს მნიშვნელობა, პატიმრის ჯანმრთელობის ამსახველი კადრები მისი უფლების მიცემის გარეშე გახლავთ სისხლის სამართლის დანაშაული საერთაშორისო სტანდარტებით. 1996 წელს იქნა მიღებული აშშ-ში ეს კანონი, პაციენტის შესახებ არსებული სამედიცინო ინფორმაციის გადაცემისა და მისი დაცვის შესახებ ე.წ. Hipaa. და Hipaa-ს მიხედვით, მინიმუმ სასჯელი ითვალისწინებს $250 000 ჯარიმას და 10-წლიან ციხეს, ეს არის ის დანაშაული, რაზეც პირდაპირ წავიდა იუსტიციის მინისტრი", - თქვა ზურაბ გურულმა.
ცნობისთვის, 14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები,რომელიც 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. უწყებამ კადრების გასაჯაროება "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით" ახსნა. მიზეზები იუსტიციის მინისტრმა "იმედის" ეთერშიც განმარტა და თქვა, რომ მიზანი საზოგადოების "სწორად ინფორმირება" იყო.
ამავე თემაზე: