საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი ეწვია. აზერბაიჯანელ კოლეგას ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა ჩატარდა.
კომისიის სხდომის შემდეგ მხარეებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე დოკუმენტს, მათ შორის, „ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოს შორის“, ასევე „ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, ამასთან, ხელი მოეწერა „განზრახულობათა ოქმს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის“, ასევე „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის მინერალური რესურსების სფეროში თანამშრომლობის თაობაზე განზრახულობათა ოქმს“.
"საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-9 სხდომის ფორმატში ნაყოფიერი შეხვედრა შედგა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ალი ასადოვთან.
განვიხილეთ რეგიონალური სტაბილურობის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხები, ისევე, როგორც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების პერსპექტივები”,- წერს ტვიტერზე ღარიბაშვილი.