
რუსები დაახლოებით 200 000-მდე ახალ ჯარისკაცს წვრთნიან, ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი მეორედ შეეცდებიან კიევზე წამოსვლას - ამბობს The Economist-ისთვის მიცემულ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი.
ზალუჟნის თქმით, რუსულმა მობილიზაციამ იმუშავა.
"რუსულმა მობილიზაციამ იმუშავა. სიმართლე არაა, თითქოს მათი პრობლემები იმდენად მძიმეა, რომ ვერ იბრძოლებენ. ისინი იბრძოლებენ. მეფე ეუბნება, რომ წავიდნენ და ისინიც მიდიან. ჩეჩნეთის ორი ომის ისტორიას ვსწავლობდი - ასე იყო ყველაფერი. შესაძლოა ისინი ისე კარგად არ არიან აღჭურვილები, მაგრამ მაინც პრობლემას წარმოადგენენ ჩვენთვის. ჩვენი შეფასებით, მათ 1.2-1.5 მილიონი ადამიანის რეზერვი აქვთ… რუსები დაახლოებით 200 000 ახალ ჯარისკაცს ამზადებენ. ეჭვი არ მეპარება, რომ კიდევ ერთხელ წამოვლენ კიევზე" - ამბობს ზალუჟნი.
მისი თქმით, ომისთვის კრიტიკული თვეები ახლოვდება.
გამოცემა ასევე წერს, რომ დიდი ალბათობით გაზაფხულზე, რუსეთს შეუძლია დონბასიდან, სამხრეთიდან, ან თუნდაც ბელარუსიდან უკრაინის მიმართულებით დიდი შეტევა დაიწყოს.