რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ციხეში მას შემდეგ დააბრუნებენ, როდესაც ამის რეკომენდაციას ექიმი გასცემს.
როგორც რატი ბრეგაძემ პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში, კითხვებზე პასუხისას განაცხადა, ასე მოხდა გორის სამხედრო ჰოსპიტალის შემთხვევაშიც, როდესაც მიხეილ სააკაშვილი N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მას შემდეგ დააბრუნეს, რაც ექიმებმა გაწერეს.
"როგორც მოგეხსენებათ, ის [მიხეილ სააკაშვილი] ამჟამად იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში, კერძოდ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში და ვიმოქმედებთ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. როგორც მაგალითად ვიმოქმედეთ გორის შემთხვევაში, როდესაც ის გამოწერეს საავადმყოფოდან, ის დაბრუნდა N12 პენიტენციურ დაწესებულებაში. როდესაც გვექნება ექიმის მითითება, რა თქმა უნდა ვიმოქმედებთ შესაბამისად", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან ციხეში დაბრუნებით, განსაკუთრებით "ხალხის ძალაა" დაინტერესებული. შესაბამისი შეკითხვით იუსტიციის მინისტრს დღეს დაჩი ბერაიამ მიმართა, ხოლო გუშინ, ბერაიას თანამოაზრე სუბარმა იუსტიციის სამინისტროს მიმართ "პრეტენზიები" გამოთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში უნდა დაბრუნდეს.