მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან წერილს ავრცელებს და წერს, რომ კლინიკაში მის სანახავად მისულ დედას, გული ალასანიას საავადმყოფოფს მოსაცდელში ალოდინებენ და ამცირებენ.
მესამე პრეზიდენტის წერილი ჟურნალისტებთან გიული ალასანიამ წაიკითხა.
"ყოველ ჯერზე საკვების შემოტანაზე, ჩემს არც თუ ისე პატარა დედას, ამცირებენ და საათობით აცდევინებენ და მერე ვინმეს უკვირს, მწყობრიდან რატომ გამოვდივარ. მინდა ვკითხო ამ სპეცოპერაციის განმახორციებლებს, თქვენ დედები საერთოდ გყავთ?! გასაგებია, რომ პუტინისგან ჩემი მკვლელობა გაქვთ დავალებული და ამ მიზნით მომწამალეთ და ყველა სხვა დანაშაულს ჩადიხართ, მაგრამ დედაჩემი რა შუაშია? საღამოს სახლში რომ მიხვალთ ბარბარობის აღსანიშნად, კმაყოფილები რომ დღესაც დაამცირეთ დამსახურებული პროფესორი, იქნებ პირჯვრის გადაწერისას, ერთხელ მაინც ჩაიხედოთ სარკეში და იქნებ სადმე სინდისის და ადამიანურობის ნატამალი აღმოაჩინოთ", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, 14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები, რომელიც 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს მოიცავს. უწყებამ კადრების გასაჯაროება "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით" ახსნა. მიზეზები იუსტიციის მინისტრმა "იმედის" ეთერშიც განმარტა და თქვა, რომ მიზანი საზოგადოების "სწორად ინფორმირება" იყო.