გიჟია, სიმულიანტობს, ავადმყოფობას იგონებს, კომენტარს ვაკეთებ და მეშინია თავში რაიმე ნივთი არ მომხვდეს, - ამ შინაარსის პროპაგანდით ებრძვიან პატიმარ მესამე პრეზიდენტს. ჯერ დაემუქრნენ, შემდეგ აღასრულეს და საკნად გადაკეთებული პალატიდან კადრები გამოუქვეყნეს. გაასაჯაროვეს ის დამონტაჟებული ვიდეო-მასალა, რომელიც შურისძიებით შეპყრობილ რეჟიმს გაახარებდა.
ეს ოცნების ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ანგარიშსწორების ისტორიაა მის მთავარ ოპონენტ მიხეილ სააკაშვილთან.
მიუხედავად იმისა, რომ კადრები საკუთარი გემოვნებით ამოარჩიეს და დაამონტაჟეს, ოცნებას მთავარი მაინც გამორჩა - ვიდეომასალიდან დგინდება რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც ძალიან მძიმეა.
რეჟიმი არ მალავს რომ კადრები მესამე პრეზიდენტის ღირსების შელახვისა და დისკრედიტაციისთვის გაავრცელა. მეტიც, მიხეილ სააკაშვილს დასცინიან ჩართული კამერების წინ, საჯარო სივრცეში როდესაც პარლამენტის სხდომა მიმდინარეობს და შემდეგ მედიასთან ადასტურებენ, კი დავცინეთო.
მესამე პრეზიდენტის მიმართ ამ მეთოდებით ბრძოლამ, საზოგადოების დიდ ნაწილს გაახსენა ის, თუ როგორ ექცეოდა და როგორ მოკლა რეჟიმმა ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. ზოგმა კი ქვეყნის ეროვნული გმირის, საზოგადო მოღვაწისა და საბჭოთა დისიდენტის მერაბ კოსტავას ისტორიაზე დაწერა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი