„მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდევ“ - მიხეილ სააკაშვილზე ამას ამბობს ადამიანი, რომელიც იმ 9 წელში მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრე იყო და მესამე პრეზიდენტს წარმოადგენდა მესტიაში. პრეზიდენტობის პირველ წლებში როდესაც სვანეთში მიხეილ სააკაშვილი ჩადიოდა ვიქტორ ჯაფარიძეც ყოველთვის მის გვერდით იყო და მასპინძლობასაც უწევდა. თუმცა მოგვიანებით მათი გზები გაიყარა. ვიქტორ ჯაფარიძისგან ისიც კი მოვისმინეთ რომ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი არ ეწყინება.
ვიქტორ, იგივე ვიწია ჯაფარიძე 4 - გზის მოწვევის პარლამენტის წევრია. ის მილიონერი დეპუტატების სიაშია. ოცნებისთვის სხვადასხვა არჩევნების დროს სოლიდური შემომწირველია. სანაცვლოდ მმართველი პარტიისგან არ აკლია დაფასება. ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 7 მილიონ 775 ათას ლარზე მეტი მიიღეს. ეს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მონაცემებია. არასამთავრობო ორგანიზაციამ დაითვალა რომ ოცნებიდან ფორმალურად გასული დეპუტატი და მისი ოჯახის წევრები 11 სხვადასხვა კომპანიის მეწილეები არიან; ფლობენ არაერთ უძრავ ქონებას მესტიასა და თბილისში, მათ შორის ორ სასტუმროს. ის ტელეკომპანია პოსტ-ტივის საკონტროლო პაკეტის, 52 %-იანი წილის მფლობელია; ახლა ოცნების რადიკალურ ფრთაში - ხალხის ძალაშია, რომლის გაცხადებული პოლიტიკა და მთავარი მიზანია - სტრატეგიულ პარტნიორებთან ბრძოლა და ანტიდასავლური კამპანია.