
„ახალი საქართველოს“ ლიდერი ამბობს, რომ ავტომანქანების რეექსპორტიორები ჩაკეტილი საზღვრების გამო უმძიმეს მდგომარეობაში არიან. გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიმართავს და მოუწოდებს საზღვრები გახსნას იმ ქვეყნებთან, რომლებზეც ეს ბიზნესია დამოკიდებული საქართველოში.
ვაშაძის თქმით, აღნიშნული ბიზნესის ბრუნვა 700 მილიონ დოლარს შეადგენდა და მასზე 10 ათასობით ოჯახი იყო დამოკიდებული, ახლა კი ის სრულად გაჩერებულია.
"ბატონო გახარია, პრემიერ-მინისტრობა კაბინეტში ჯდომა და იქიდან საუბარი კი არ არის. მოდით და ამ ადამიანებს დაეხმარეთ. თქვენ პოლიტიკური მიზნებისთვის, საარჩევნო მიზნებისთვის არ ხსნით საზღვრებს, ამოგვკეტეთ ქვეყანაში და ფაქტობრივად შიმშილისთვის გაწირეთ მთელი საქართველო. გაბანკროტებულია დღეს ავტომანქანების რეექსპორტიორები...ჯანმრთელობას აპირისპირებთ ეკონომიკასთან, რაც დანაშაულია" - ამბობს ვაშაძე.
მისვე თქმით, არსებობს სამი მოთხოვნა, რომელზეც ამჟამად ხელმოწერები გროვდება. ეს მოთხოვნებია: 31 დეკემბრამდე გადავადდეს ავტომობილების განბაჟების ვადა, პირველი მაისის შემდგომ შემოსულ ავტომანქანებზე გავრცელდეს განბაჟების გადავადება და დაუყოვნებლივ დაიწყოს იმ ქვეყნებთან საზღვრის გახსნაზე მუშაობა, რომლებზეც დამოკიდებულია ავტომანქანების რეექსპორტი