საპროტესტო აქციების მხარდაჭერის გამო, ირანში ცნობილი მსახიობი დააკავეს

გამოქვეყნდა:

ირანის ხელისუფლებამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი დააკავა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მან სოლიდარობა გამოუცხადა ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილე დემონსტრანტებს.

BBC ირანულ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ტარანე ალიდოსტი საპროტესტო მოძრაობის შესახებ "სიყალბის გავრცელების" ბრალდებით დააკავეს. 

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს Telegram-ის ანგარიშზე გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, ის პოლიციამ დააკავა იმის გამო, რომ არ წარუდგინა „მისი პრეტენზიების შესაბამისი დოკუმენტი“.

მსახიობი აკრიტიკებდა ირანის მთავრობას, რომელიც ცდილობდა ჩაეხშო მასშტაბური საპროტესტო აქციები, რომელიც დაიწყო 22 წლის ირანელი მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო. ნოემბერში მან მიიპყრო ყურადღება მას შემდეგ, რაც დემონსტრაციების მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ინსტაგრამზე ჰიჯაბის გარეშე სურათი გამოაქვეყნა.

გასულ კვირას ინსტაგრამის პოსტში მან საპროტესტო აქციებში მისი მონაწილეობის გამო ერთ-ერთი მოქალაქის სიკვდილით დასჯის ფაქტი დაგმო. 38 წლის მსახიობმა გააკრიტიკა საერთაშორისო ორგანიზაციები იმის გამო, რომ მათ ხელი არ შეუშალეს და სათანადო ზომები არ მიიღეს მოჰსენა შეკარის დასჯის შესაჩერებლად. მისი ინსტაგრამის ექაუნთი, რომელსაც რვა მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, ახლახან გაუქმდა.

38 წლის ტარანე ალიდოსტი ირანში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსახიობია. მან ითამაშა ფილმში "The Salesman", რომელმაც 2016 წელს მიიღო ოსკარი საუკეთესო საერთაშორისო მხატვრული ფილმის კატეგორიაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი