ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, გრიგოლის თქმით, მომდევნო კვირაში ის მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავს.
როგორც მეუფე გრიგოლი ამბობს, მან მიხეილ სააკაშვილის კადრები ნახა, თუმცა ის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრულ ინფორმაციას არ იძლევა.
"საერთოდ ისეთი დიამეტრულად განსხვავებული ინფორმაციები ვრცელდება ხოლმე, ადამიანები დაბნეულებიც კი არიან. ახლა ახალი კვირა რომ იქნება ვგეგმავ პატიმრების მონახულებას, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის და ყოველგვარი მონტაჟის გარეშე ვნახავ. რა თქმა უნდა, კადრები ნანახი მაქვს მე, მაგრამ სრული ინფორმაცია რაც ვრცელდება ნამდვილად არ ვიცი, კადრები ხშირად, ისეთი ჯადოქრობის ქვეშ გადიან, რომ ათას რამეს გაჩვენებენ. მე, ვისურვებდი, რომ ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს ჰქონდეს საშუალება, რომ სრული მკურნალობა მიიღოს, იმისთვის, რომ დაცული იყოს, მისი, როგორც ადამიანის, პიროვნებისა და პატიმრის სიცოცხლე", - თქვა მეუფე გრიგოლმა.
ცნობისთვის, 14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები, რომელიც 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს მოიცავს. უწყებამ კადრების გასაჯაროება "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით" ახსნა. მიზეზები იუსტიციის მინისტრმა "იმედის" ეთერშიც განმარტა და თქვა, რომ მიზანი საზოგადოების "სწორად ინფორმირება" იყო.