
რუსეთი აცხადებს, რომ მორალის ასამაღლებლად მუსიკოსებს უკრაინაში, ომის ფრონტზე გაგზავნის - ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
თავდაცვის სამინისტრომ ამ კვირაში გამოაცხადა "წინა ხაზის შემოქმედებითი გუნდის" ფორმირებაზე და თქვა, რომ მასში შედიან როგორც ვოკალისტები, ასევე, მუსიკოსები.
რუსული გამოცემის RBC news-ის თანახმად, ე.წ. "მუსიკოსთა ბრიგადა" დაკომპლექტდება მობილიზებული ჯარისკაცებისგან, ასევე „პროფესიონალი ხელოვანებისგან, რომლებიც ნებაყოფლობით შევიდნენ სამხედრო სამსახურში“.
ახალ დანაყოფს დაევალება შეინარჩუნოს "მაღალი მორალური, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა [სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებს შორის]", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ხაზი გაუსვა გუნდის შექმნას კვირას დაზვერვის განახლებაში. პარალელურად, რუსეთის მთავრობის ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ უკრაინაში ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცები მოინახულა.