საქართველოს პრემიერმინისტრი სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმაზე ალაპარაკდა. როგორც სხვა რეფორმების შემთხვევაში, ამჯერადაც საზოგადოებას უფრო მეტი კითხვა გაუჩნდა. ის რომ ერთწლიანი იძულებითი მონობა უქმდება, ცალსახად მისასალმებელია. ვგულისხმობ პრაქტიკას, როცა ახლაგაზრდები სამხედრო სავალდებულო სამსახურში მიყავდათ, თუმცა სამხედრო საქმის შესწავლის ნაცვლად უფასო ყარაულებად იყენებდნენ დაცვის სამსახურში.
მაგრამ როგორი შეიარაღებული ძალები სჭირდება საქართველოს, როგორია ჩვენი თავდაცვის კონცეფცია და უშიშროების დოქტრინა. სტრატეგიული დოკუმენტები, რომელიც კანონმდებლობის ფორმით გაიწერება ხოლმე, წლებია აღარ განახლებულა. მეტიც, მათ განახლებაზე ხელისუფლებაში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 9 თვის შემდეგ დაფიქრდნენ. ამგვარი სტრატეგიული ხედვების გარეშე კი რეფორმამ შეიძლება უკუშედეგი მოიტანოს.
სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმაზე კი საუბრობენ ხელისუფლების სავარძლებში მოკალათებული მამაკაცები, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას ასეთი ვალი სამშობლოს წინაშე არ მოუხდია.