
მინდა ყველამ გავიგოთ: მათ [რუსებს] არ უთქვამთ უარი ჩვენი ერის განადგურების იდეაზე. თუკი მათ ხელში არ აქვთ კიევი, მათ ხელში არაფერი აქვთ - ეს უნდა გავიგოთ - ამბობს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში, ჟურნალისტის კითხვაზე, თქვა თუ არა საბოლოოდ უარი რუსეთმა კიევზე?
დანილოვის თქმით, 24 თებერვალს, როცა ომი დაიწყო, ოკუპანტის მთავარი მოლოდინი და იმედი იყო, რომ დედაქალაქი დაიცლებოდა და პრეზიდენტიც დატოვებდა ქვეყანას - "მაგრამ ხალხის დიდი რაოდენობა დარჩა. და მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი დარჩა" - ამბობს დანილოვი.
დანილოვი ამბობს, რომ უცხოეთშიც ბევრს სურდა ზელენსკის უკრაინა დაეტოვებინა, რადგან ასეთ შემთხვევაში, ვითარება მათთვისაც გაადვილდებოდა. დანილოვი იხსენებს, რომ სწორედ მასთან მიდიოდა ოფიციალური ცნობები, როცა პრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა:
"მე მქონდა ეს არცთუ სასიამოვნო როლი, როდესაც ყოველთვის, როცა ვიღებდი ოფიციალურ ცნობებს, რომ პრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, მიწევდა მეთქვა: „ბატონო პრეზიდენტო, თქვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება“...
ჟურნალისტის კითხვაზე, ბოლოს როდის მიიღო ინფორმაცია პრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხეზე, დანილოვი პასუხობს, რომ - 7 მარტს:
"7 მარტს იყო ბოლო მესიჯი. რატომ? იმიტომ რომ 7 მარტს აპირებდნენ ამ „ოპერაციის“ დასრულებას" -ამბობს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი.