სახელსა და გვარს მალავდა, ლაჩრულად მოგვეპარა და დაიწყო კვერცხების სროლა - კირთაძე თავდასხმაზე

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი კირთაძე პირდაპირ ეთერში თავდასხმაზე კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ თავდამსხმელმა, რომელმაც ჯერ კვერცხები ესროლა, შემდეგ კი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, საკუთარი სახელის თქმაც კი ვერ გაბედა. 

კირთაძე ამბობს, რომ სამწუხაროა, რომ "ოცნებამ" ბათუმშიც კი იპოვა ადამიანი, რომელიც პირდაპირ ეთერში ასე ლაჩრულად მოიქცეოდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პარალელს ლუკაშენკოს რეჟიმთანაც ავლებს.

"თავის სახელსა და გვარს ეს ადამიანი ასე საგულდაგულოდ მალავდა. ესე ლაჩრულად, როდესაც "ფორმულას" პირდაპირი ჩართვა გვქონდა მოგვეპარა და დაიწყო კვერცხების სროლა და შეურაცხმყოფელი შეძახილები ჩემი და ჟურნალისტის მიმართ. ამ დროს ვსაუბრობდი, რომ თუ ასე გაგრძელდა ბელარუსის გზას ვადგავართ-მეთქი, სადაც კრიტიკული აზრის მქონე ადამიანები არ არიან, ან გარბიან, ან კვდებიან, ან უგზო-უკვლოდ იკარგებიან. აქ მივყავართ იმ პოლიტიკას, რასაც ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ატარებს. სამწუხაროდ, ბათუმშიც კი იშოვეს ადამიანი,რომელიც ასე ლაჩარივით მოიქცეოდა. სახელი და გვარი არ თქვა და გაიქცა. საშინელებაა, როდესაც ადამიანები ამ მდგომარეობამდე მიჰყავს"ქართულ ოცნებას",- თქვა გიორგი კირთაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "ფორმულას" პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს, ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, ნაციონალური მოძრაობის წევრ გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ. უცნობმა კაცმა მას კვერცხი ესროლა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თავდამსხმელმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ფორმულას გადამღებ ჯგუფსაც.

თავდამსხმელი, სავარაუდოდ, პუტინისტური "ალტ ინფოს" წევრია, რადგან ტერიტორიაზე, სადაც ინციდენტი მოხდა, მათი ოფისი მდებარეობს. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი