
მოლდოვის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ალექსანდრე მუსტეასი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრის მაღალი რისკი ისევ არსებობს და ეს, შესაძლოა, 2023 წელს მოხდეს, - ამის შესახებ მან TVR Moldova-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ამ სცენარის განხორციელება უკრაინაში ომის განვითარებაზეა დამოკიდებული.
"საკითხი ის კი არ არის, განახორციელებს თუ არა რუსეთის ფედერაცია ახალ შეტევას მოლდოვის ტერიტორიის მიმართულებით, არამედ როდის მოხდება ეს: იქნება ეს წლის დასაწყისში, იანვარში, თებერვალში თუ მოგვიანებით, მარტსა, თუ აპრილში... მაგრამ, თუ ვიმსჯელებთ იმ ინფორმაციით, რაც გვაქვს, რუსეთს შეუძლია უფრო შორს წავიდეს და შექმნას დერეფანი დნესტრისპირეთის რეგიონთან, რომელიც არის მოლდოვას ტერიტორია. მაშინ გაირკვევა, რომ დიახ, ისინი აპირებენ აქ მოსვლას. რა იქნება ამის შემდეგ მათი განზრახვები კიშინიოვთან დაკავშირებით, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ, მაგრამ ეს არის რეალური და ძალიან მაღალი რისკი", - თქვა მუსტეასმა.
მან ასევე გაიხსენა, რომ ევროპაში ყველაზე დიდ საბრძოლო მასალის საცავს, რომელიც დნესტრისპირეთის რეგიონში მდებარეობს, რუსები იცავენ, შესაბამისად კრემლის შეჭრა მოლდოვაში, შესაძლოა ამ საბრძოლო მასალის გამოყენებას უკავშირდებოდეს.