არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI) ბათუმში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერზე, გიორგი კირთაძეზე თავდასხმას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
ორგანიზაცია წერს, რომ ადამიანების დევნა და ფიზიკური ხელშეუხებლობის ხელყოფა პოლიტიკური შეხედულების ან აზრით გამო საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საშიში დანაშაულია.
"გვსურს გამოვეხმაუროთ ბათუმში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ქუჩაში, ტელეკომპანია ფორმულას ეთერში პირდაპირი ჩართვის დროს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს გიორგი კირთაძეს და ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ადამიანების დევნა და ფიზიკური ხელშეუხებლობის ხელყოფა, მათი პოლიტიკური შეხედულებისა თუ აზრის გამო მისი ბუნებიდან გამომდინარე საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საშიშ დანაშაულს წარმოადგენს და სახელმწიფოს მხრიდან უსწრაფეს და ადეკვატურ რეაგირებას საჭიროებს.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მომხდარი პოლიტიკური ოპონენტებისა და კრიტიკული მედიის მიმართ შურისძიებისა და სიძულვილით სავსე გარემოს გამოძახილია, რომლის წახალისებასა და ფორმირებაში უდიდესი წვლილი ქართული ოცნების მოქმედ ხელისუფლებას, სწორედ მას მიუძღვის, ვისაც მსგავს დანაშაულების პრევენცია და მომხდარზე რეაგირება ევალება" - წერია განცხადებაში
შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გიორგი კირთაძეს თავს პირდაპირ ეთერში დაესხნენ. მიუხედავად იმისა, რომ კადრებში კარგად ჩანს თავდამსხმელი, პოლიციას ის ამ დრომდე არ ჰყავს დაკავებული.