
ოპოზიცია საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შესაძლოა რეგიონებშიც შეთანხმდეს. განცხადება ამის შესახებ "მთავარი არხის" ეთერში "ევროპული საქართველოს" წევრმა გოკა გაბაშვილმა გააკეთა. გაბაშვილი ამბობს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული თბილისის გარდა, იყოს რამდენიმე რეგიონი, რომლებზეც ოპოზიცია კონსენსუსს მიაღწევს.
"იქნება რაღაც ოლქები, სადაც პირიქით ოპოზიციას აწყობს ტაქტიკურად რამოდენიმე კანდიდატი საარჩევნო სტრატეგიიდან გამომდინარე და რა თქმა უნდა მიდის მუშაობა, რომ რაიონებშიც, გარდა თბილისისა, იყოს ადგილები, სადაც ძალიან მჭიდროდ ვკოორდინირდებით ჩვენ" ამბობს გაბაშვილი.
მისივე თქმით, ოლიგარქიული მმართველობა ქვეყანაში, სწორედ "მრავალფეროვანმა კოალიციამ" უნდა შეცვალოს. რაც შეეხება კონკრეტულ თარღს, როდის წარადგენენ კანდიდატებს, გაბაშვილი ივლისის ბოლო-აგვისტოს დასაწყისს ასახელებს:
"ივლისის ბოლო- აგვისტოს პირველი დღეები არის ზუსტად ის დღეები, როცა უკვე გაირკვევა ყველა ოლქში ოპოზიცია და კერძოდ "ევროპული საქართველო" როგორ გამოვა და რა კანდიდატები გვეყოლება" - ამბობს გაბაშვილი
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია თბილისის ექვს მაჟორიტარულ ოლქში, ერთიან კანდიდატებზე უკვე შეთანხმდა.
საერთო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს ოლქებზე.
კიდე ორ ოლქში - გლდანსა და სამგორში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები - ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი იყრიან კენჭს.