
უწყლობა და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა - ეს პრობლემები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაზლარში აქვთ. ადგილობრივებს დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ბეჟაშვილი შეხვდა.
ბეჟაშვილი სოფლის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო, რომლებიც ამბობენ, რომ მათ, უკვე წლებია, არ მიეწოდება სასმელი წყალი, ასევე, მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, სამანქანო გზა კი ფაქტობრივად არ არსებობს.
ამბობენ, რომ წყალს კილომეტრებიდან ვირებით ეზიდებიან. მათივე თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა ყურადღებას არავინ აქცევთ.
სასმელი წყალი არ გვაქვს, ორი-სამი კილომეტრიდან ვირებით ვეზიდებით. ამ გზას კიდე ცოტა არაუშავდა, სულ გათხარეს ორ თვეში, თვე ნახევარში, დატოვეს ესე, ვითომ წყალი უნდა გაეყვანათ მაღლა და იქიდან სოფლებში, სახლებში უნდა გაენაწილებინათ. ვერ ვგრძნობ მთავრობის მხრიდან ამ სოფლის დამხარებას, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ლევან ბეჟაშვილის თქმით კი, ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი და ეს თანხა გაფლანგულია.
საგარეჯოს რაიონის სოფელ კაზლარის მოსახლეობა უკიდურესად აღშფოთებულია იმიტომ რომ ამ სოფელს არ აქვს არც გზა, არც წყალი. ბიუჯეტიდან გამოყოფილია დაახლოებით მილიონზე მეტი. 700 ათასი ლარი გამოყოფილია მარტო წყალზე, 650 ათასი გამოყოფილია გზის შეკეთებაზე. თუმცა, ეს მილიონზე მეტი თანხა გაფლანგულია, სამუშაოები შუა გზაშია მიტოვებული, - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.