შსს €26,5 მლნ-ად 3 ახალ შვეულმფრენს ყიდულობს, "სუპერ პუმას" მომწოდებელ კომპანიას გადასცემს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფრანგულ კომპანია "Airbus Helicopters"-თან 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით ხელშეკრულება გააფორმეს.

უწყება ამბობს, რომ სასაზღვრო პოლიცია "H145"-ის ტიპის 3 შვეულმფრენს შეიძენს, პროექტის ჯამური ღირებულება კი დაახლოებით 26 500 000 ევრო იქნება.

გარდა ამისა, უწყება ამბობს, რომ "სუპერ პუმას" შვეულმფრენს კომპანიას გადასცემენ.

"ხელშეკრულების პირობის მიხედვით წლების წინ მაღალი თანამდებობის პირებისთვის შესყიდულ AS332 L1e S/N 2833-ის (სუპერ პუმა) შვეულმფრენს ქართული მხარე Airbus Helicopters-ს გადასცემს. აღნიშნული ბორტის პრივატიზებით ახალი შვეულმფრენების შესყიდვისთვის სახელმწიფოს გასაწევი ხარჯი 5 500 000 ევროს ოდენობით დაიზოგება.

"H145" მრავალფუნქციური შვეულმფრენია, რომელსაც შეუძლია შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები. ახალი შვეულმფრენები სრულად იქნება დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. მათ გააჩნიათ 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. ამ ტიპის შვეულმფრენი მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადი იქნება.

"H145" წარმოადგენს "Airbus"-ის ერთ-ერთ უახლეს მოდელს, რომელსაც წარმატებით იყენებენ გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, კანადისა და სხვა ქვეყნების პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები", - წერია განცხადებაში. 

ქართულ მხარეს პირველი შვეულმფრენი კონტრაქტის ხელმოწერიდან 17 თვეში გადმოეცემა, ხოლო სამივე საავიაციო ტექნიკა 20 თვემდე პერიოდში საქართველოში იქნება, სრულ საფრენოსნო მდგომარეობაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი