შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით 20-მდე პირი დააკავეს.
"სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია 20-მდე ნარკორეალიზატორი, რომლებიც ახორციელებდნენ, დიდი და განსაკუთრებით დიდი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას", - თქვა თეიმურაზ კუპატაძემ ფონიჭალაში, სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ.
სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე ადგილას ერთდროულად ჩატარდა. როგორც ცნობილია, ფონიჭალაში 60 წლამდე კაცი დააკავეს, რომლის საცხოვრებელი სახლიდან დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
ამავე ბრალდებით ქუთაისში 45-წლამდე კაცი დააკავეს.
შსს არ გამორიცხავს, რომ დამნაშავე პირთა წრე კიდევ გაიზარდოს. უწყებას ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.