სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სამართალდამცველების მიერ, 19 წლის ნიკა ოსაძეზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.
"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ნიკა ოსაძის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან, განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად აქტიურ რეჟიმში ახორციელებს", - წერს საგამოძიებო სამსახური.
ცნობისთვის, შემთხვევა 17 დეკემბერს, შიდა ქართლში, დაბა აგარაში მოხდა. როგორც 19 წლის ახალგაზრდამ "მთავარ არხთან" საუბრისას განაცხადა, იგი სამართალდამცველებმა აგარის პოლიციის შენობაში ძალდატანებით გადაიყვანეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს. ოსაძის თქმით, ძალადობაში მონაწილეობას იღებდა აგარის პოლიციის ხელმძღვანელი, სოსო გელაშვილიც.