ჰააგაში 2008 წელს შეტანილი სარჩელი, 2011 წელს ხელისუფლებას თავზე დაახიეს იმდენად უსუსური იყო - მდინარაძე მეორე საქმეზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მხრიდან შეტანილი სარჩელი ეთნიკურ წმენდაზე "იმდენად უსუსური იყო, რომ ქვეყნის მაშინდელ ხელისუფლებას თავზე დაახიეს".

ჟურნალისტებმა მდინარაძეს ჰკითხეს, თუ რა ეტაპზეა ჰააგაში პროცესი ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით.

"ოცნების" დეპუტატს არ უთქვამს რა პროცესები მიმდინარეობს ახლა  საერთაშორისო სასამართლოში, თუმცა ამტკიცებდა, რომ სარჩელი, რომელიც საქართველოს "უკან გადმოუგდეს" სპეციალურად იყო შეტანილი.

"რაც შეეხება საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს, 2008 წელს შევიდა საქართველოდან სარჩელი და 2011 წელს თავზე დაახიეს საქართველოს ხელისუფლებას ეს სარჩელი, იქიდან გამომდინარე, რომ არასრულყოფილი იმდენად უსუსური სარჩელი იყო შესული, რომ წარმოება საერთოდ შეწყდა.

[...]

ჩემი ღრმა რწმენით და ეჭვით სპეციალურად იქნა ისეთი სარჩელი შეტანილი, რომელიც უკან გადმოუგდეს საქართველოს და ახლა ამაზე სპეკულირებენ და ვაშაძე სხვათა შორის, იმ ხელისუფლების ნაწილი იყო. ამიტომ ჩვენ იმასაც უზრუნველვყოფთ, რაც აქამდე დავიწყეთ, რომ სტრასბურგიც მოვიგეთ, ჰააგაც მოვიგეთ, ბრძოლები სამართლებრივი მოვიგეთ, მათი მავნებლობის მიუხედავად. ისკანდერის ნაწილები დაუმალეს ჰააგას და სტრასბურგს და ახლა ამ ხელისუფლების წარმომადგენლები სამართლებრივ ისეთ დეტალებში ჩადიან, რომ საზოგადოება ვერ გაერკვიოს და ამის იმედად სპეკულირებენ უამრავ სიბინძურეს", - თქვა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, 2008 წელს ICJ-ში შეტანილი სარჩელი შეეხებოდა რუსეთის მიერ რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CERD) საერთაშორისო კონვენციით დადგენილი ნორმების დარღვევას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში 1990 წლიდან 2008 წლის აგვისტოს პერიოდის ჩათვლით განხორციელებული ინტერვენციების დროს.

2011 წლის აპრილში სასამართლომ უარი თქვა საქმის არსებით განხილვაზე, მიზეზად კი დაასახელა, რომ ქართულ მხარეს არ ამოუწურავს CERD-ის კონვენციით გათვალისწინებული მოლაპარაკებების მექანიზმი და სასამართლოს არ გააჩნია უფლებამოსილება განიხილოს საქართველოს მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს შეტანილი სარჩელი.

მოლაპარაკება ვერ შედგა, საქართველოს ხელისუფლებამ კი საერთოდ დაივიწყა ეს საქმე.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი