ქალაქის მაჟორიტარები - "მთავარმა" "ოცნების" კანდიდატების სია მოიპოვა

გამოქვეყნდა:

კრიმინალურ ჭაობში ჩაფლული ქვეყანა ღირსების არჩევნებისთვის ემზადება. საარჩევნო ციებ-ცხელება კი უკვე დაიწყო. ორშაბათს, "ქართული ოცნება" თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებს ბიძინა ივანიშვილთან ერთად დაასახელებს. მანამდე, "მთავარმა შაბათს" გაარკვია ყველა იმ კანდიდატის ვინაობა, ვისზეც მმართველი პარტია ფსონს დებს. კანდიდატები უკვე დასახელებული ჰყავს ოპოზციურ ერთობასაც. ბოლო შტრიხები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ მთავარი მეტოქეების ვინაობა უკვე ცნობილია.

გლდანს, თბილისის ყველაზე დიდ მაჟორიტარულ ოლქს 145 661 ამომრჩევლით გადამწყვეტ არჩევნებზე "ოცნება" ლევან კობიაშვილს აბარებს. უკვე მეორედ, კახი კალაძის ახლო მეგობარი და ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი მაჟორიტარობას ისევ გლდანში შეეცდება. 

ჯერ არ ადასტურებს, მაგრამ პარლამენტის კულუარებში ყვებიან, რომ ლევან კობიაშვილს მეორე გზის მაჟორიტარობა არ უნდოდა, მაგრამ ახლო მეგობარს კახი კალაძეს უარი ვერ უთხრა. რთული ოლქი ერგო. პოლიტიკურად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე ნიკა მელია ჰყავს, რომელმაც საარჩევნო კამპანიაც უკვე დაიწყო. 

კობიაშვილს მთავარი პოლიტიკური ოპონენტისთვის ბრალდებებზე არ უპასუხია. ამბობს, რომ თუ საარჩევნო მარათონში ჩაერთვება, პირველივე ტურში გამაჯვებისთვის იბრძოლებს, მაგრამ მზად არის მეორე ტურისთვისაც. 

მძიმე საარჩევნო მარათონი იქნება თბილისის სიდიდით მეორე ოლქში - სამგორში. "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის მთავარი კონკურენტი იქ, სავარაუდოდ, სოზარ სუბარი იქნება. 

უკვე ორი წელია, სოზარ სუბარი პრემიერმინისტრის მრჩეველია რეგიონული განვითარების საკითხებში. ბიძინა ივანიშვილის ფავორიტია და "ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრიც არის. "ოცნების" ხელისუფლების პირობებში, 2012 წლიდან ჯერ სასჯელაღსრულების, შემდეგ კი დევნილთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. რა გეგმებით მიდის სამგორელებთან ამაზე ჩვენთან საუბარი არ ისურვა. თუმცა თუ მისი უშუალო კონკურენტის ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკურ აქტიურობას გავითვალისწინებთ, სუბარს სამგორში ადვილი გასეირნება არ ელოდება. 

მაჟორიტარობისთვის მძიმე ბრძოლა იქნება ისანშიც. "ოცნება" ამ ოლქში ლელოს დადებას ისევ მორაგბე ირაკლი აბუსერიძით შეეცდება. მისი კონკურენტები ყოფილი თანაგუნდელი, ისნის მოქმედი მაჟორიტარი  დავით ჭიჭინაძე და "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე იქნებიან. უკვე არსებულ სამეულს, სავარაუდოდ, "ლელოს" კანდიდატიც დაემატება. აქტიური კამპანია ჯერ არცერთ მათგანს დაუწყია. 

კანდიდატების მრავალფეროვნება იქნება საბურთალოზეც. "ოცნებას" პოლიტიკურ ბრძოლაში ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სეერგენკო გამოჰყავს, რომელიც თავისსავე ყოფილ თანაგუნდელს ლევან გოგიჩაიშვილს, "ლელოდან" კი, სავარაუდოდ, ბადრი ჯაფარიძეს დაუპირისპირდება.

სეგეენკოსთან ერთად საბურთალოს მაჟორიტარობას "ოცნება" ამირან გამყრელიძეს სთავაზობს. მმართველი პარტია დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორისგან საბოლოო პასუხს ელოდება. რა გადაწყვეტილებას მიიღებს გამყრელიძე ამ შეთავაზებაზე, უცნობია.

მმართველი პარტია ჯერ კიდევ ფიქრობს, ვინ დააყენოს თბილისის ერთ-ერთ გადამწყვეტ - ვაკის ოლქში. ოპოზიციიდან იქ ელენე ხოშტარიას კამპანია უკვე დაწყებული აქვს. მმართველი პარტიის ერთ-ერთი სავარაუდო კანდიდატი ვაკის გამგებელი ნოდარ ტურძერლაძეა, რომელსაც თბილისის მერი და პარტიის გენერალური მდივანი კახი კალაძე ლობირებს. 

შალვა ნათელაშვილის კონკურენტი ნაძალადევში მმართველი პარტიიდან, დიდი ალბათობით, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იქნება. წულუკიანი დიდი ხანია აანონსებს, რომ გადამწყვეტ არჩვენებზე ის ისეთი აქტიური იქნება, როგორც არასდროს. აირჩევს თუ არა სადეპუტატო მანდატის მიღებისთვის რთულ გზას და გახდება თუ არა მაჟორიტარობის კანდიდატი ეს ორ დღეში გაირკვევა. "ოცნება" რჩეულ 30 კანდიდატს ოფიციალურად ორშაბათს დაასახლებს.

დიდუბე/ჩუღურეთის გაერთიანებულ ოლქში "ქართული ოცნება" აქტიურად ორ კანდიდატზე მსჯელობდა. მოქმედ მაჟორიტარ გიორგი ვოლსკის "ოცნების" ე.წ. ძველი გვარდია ლობირებს. ილია წულაიას მეორედ გადეპუტატობა კი მისი ახლო მეგობრისა და ბიზნესპარტნიორის კახა კალაძის ინტერესშია.

მთაწმინდისა და კრწანისის გაერთიანებულ ოლქში კამპანია ჯერ მხოლოდ ოპოზიციის კანდადატ შალვა შავგულიძეს აქვს დაწყებული. ვინ იქნება "ოცნების" რჩეული ამ ოლქში, ჯერ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ფაქტი ერთია, რომ უკვე დასახლებული კანდიდატებიდან ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძის დახმარებით არჩევს ისეთ კანდიდატებს, ვისგანაც უსიტყვო მორჩილებას მიიღებს და არჩევნების წაგების შემთხვევაში, გუნდიდან არავინ გაექცევა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი