"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წევრი, ომბუდსმენობის ერთ-ერთი კანდიდატი, ანა აბაშიძე "ქართული ოცნების" წევრების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და წერს, რომ სინამდვილეში, მმართველ გუნდში კარგად იციან, რომ რასაც მასზე საჯაროდ ამბობენ, სიმართლე არაა.
აბაშიძე ამბობს, რომ ხელისუფლების მიზანი მისთვის ლოიალური სახალხო დამცველის არჩევაა, რისთვისაც ტყუილსაც არ ერიდებიან.
"როგორც მმართველი გუნდი ამბობს, მე ვარ მათი მტერი, მე ვარ ფაშისტი, მე ვარ სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალების მომხრე, მე მათ ამომრჩეველს ვლანძღავ. ხოდა თუ ესეა, მაშინ:
- რაღატო მწერთ ყველა დღე რომ მივიღო მონაწილეობა თქვენ სამუშაო ჯგუფებში?
- რატომ ცდილობთ ჩემგან მიიღოთ პროფესიული აზრი?
- რატომ მიხდით მადლობებს ჩემი საქმიანობის გამო?
იცით რატომ? იმიტომ რომ ძალიან კარგად იცით რომ რასაც საჯაროდ ამბობთ ჩემზე სიმართლე არაა. თქვენი მიზანი თქვენდამი ლოიალური სახალხო დამცველის არჩევაა და თან ამისთვის ტყუილებსაც აღარ ერიდებით და ყველა გზას ხერგავთ მომავალი თანამშრომლობის", - წერს ანა აბაშიძე.
ცნობისთვის, სახალხო დამცველი პარლამენტმა უნდა აირჩიოს, თუმცა პარტიებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ ისინი ანა აბაშიძესა და გიორგი ბურჯანაძეს მხარს არ დაუჭერენ.