"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" შეფასებით, "ქართული ოცნების" გეგმა ევროკომისიის მე-7 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით, რომელიც სახელმწიფოს დამოუკიდებელი მედია გარემოს შექმნას ავალდებულებს, ევროკომისიის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.
DRI ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ვალდებულებად მხოლოდ "შესაბამის საქმეებზე" ინფორმაციის გასაჯაროება აიღო.
"ქართულ ოცნებას არ გაუწევია ძალისხმევა შეეცვალა მდგომარეობა მედია დამოუკიდებლობის მიმართულებით. პირიქით, 2022 წლის 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიასთვის სასჯელის დამძიმებამ დამატებითი კითხვები გააჩინა. ნიკა გვარამიას საქმე ნახსენებია ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, სადაც მკაცრადაა გაკრიტიკებული საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობა 2021 წლის 5 ივლისის ძალადობასთან დაკავშირებითაც, რასაც ჟურნალისტების დაზარალება მოჰყვა", - აღნიშნულია განცხადებაში.
DRI წერს, რომ ევროპარლამენტის აღნიშნულ რეზოლუციას წინ უსწრებდა 2022 წლის 9 ივნისის რეზოლუცია საქართველოში მედია თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების შესახებ, სადაც უმკაცრესადაა შეფასებული საქართველოში მედიის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობა.
"იმის შესაფასებლად, რამდენად შესრულდა ევროკომისიის მე-7 რეკომენდაცია, ევროკომისია ყურადღებით დააკვირდება, შეესაბამებოდა თუ არა მედია მფლობელებისა და მენეჯერების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი საქმეები ევროკავშირის მიერ მოთხოვნილ სტანდარტებს. ამ მხრივ, სამწუხაროდ, საქართველოს პროგრესი არ ჰქონია", - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, ევროკომისიამ შესასრულებლად 12 რეკომენდაცია განსაზღვრა, რომელთა შესრულების მიხედვითაც იმსჯელებენ მიენიჭოს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი.