გამოუძიებელი მკვლელობა - საქმეში ჭიკაიძე და შსს-ს თანამშრომლები ფიგურირებენ

გამოქვეყნდა:

რატომ უნდა ვეხვეწო მე მთავრობას, რომ ჩემი შვილის მკვლელი იპოვეთ, თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული, ვინ მოკლა, რატომ მოკლა, - ამ შეკითხვებზე პასუხებს განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული კობა აღლემაშვილის მშობლები ხუთი წელია ელოდებიან. საგამოძიებო უწყებებში კარდაკარ დადიან და შვილის მკვლელის დასჯას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. 

სიახლესა და შედეგს მოკლულის ოჯახი გამოძიებისგან ითხოვს. საქმის გახსნის დაპირება მათ მთავარი პროკურორისგან მიიღეს, თუმცა ირაკლი შოთაძის სიტყვას გამოძიებაზე გავლენა არ მოუხდენია. 

ვის მფარველობენ და ვის დანაშაულს მალავენ საგულდაგულოდ, ოჯახმა არ იცის. მხოლოდ ვარაუდობენ, რომ მათი შვილის მკვლელობის საქმეში ისეთი ადამიანია ჩართული, ვისი გავლენაც პროკურატურისა თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირების ცვლილების მიუხედავად არ იცვლება. ამ ვარაუდს ის დარღვევებიც უძლიერებთ, რაც საქმეში ზედაპირზეა და რამაც, მათი შეფასებით, გამოძიება თავიდანვე გააფუჭა. განადგურებული მტკიცებულებებისა და წაშლილი კვალის გამო კი ახლა მკვლელის დადგენა და დასჯა ძნელია.

სრული სურათის აღსადგენად მივყვეთ ქრონოლოგიას:

31 წლის კობა აღლემაშვილი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში 2015 წლის 8 იანვარს საღამოს 7 საათისთვის მოკლეს. უცნობი ადამიანები მას პირველ სართულზე ლიფტთან დახვდნენ და თავი მყარი ბლაგვი საგნებით გაუჩეჩქვეს. 

თავდასხმამდე სიცოცხლის ბოლო კადრები მისივე ობიექტის სათვალთვალო კამერებს აქვთ გადაღებული. აღლემაშვილს ავტოსამრეცხაო და სასტუმრო სახლთან ახლოს ჰქონდა. მასალაში ჩანს, რომ მან ავტომობილი სადგომზე გააჩერა, გზაზე გამოვიდა, პირჯვარი გადაიწერა და კორპუსისკენ წავიდა. ოჯახი დარწმუნებულია, რომ თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი იყო. ამ ვერსიას ერთი გარემოება უმყარებთ. მშობლების ინფორმაციით, საეჭვო მანქანები მის სახლთან თავდასხმის წინა დღესაც შენიშნეს. 

გამოძიების მთავარი ხარვეზი კი აღლემაშვილებისთვის ამ კადრების რეაგირების გარეშე დატოვებაა. მათი ობიექტის სათვალთვალო კამერის გადაღებული მასალის მიხედვით, 20:42 საათზე, ანუ მკვლელობიდან მალევე, მოკლულის მანქანასთან რამდენიმე პირი მიდის, იცვამენ ხელთათმანებს, შემდეგ აფიქსირებენ კამერას, რომელსაც ჯერ ტელეფონის სანათით ხედვას უბრმავებენ, შემდეგ მიმართულებას, ბოლოს კი რაღაც ნივთს აფარებენ. ოჯახი ფიქრობს, რომ კადრებში აღბეჭდილი ადამიანები პოლიციელები არიან, რომლებიც მკვლელობის ღამით იქ არა რაიმეს დასადგენად, არამედ რაღაცის ან ვიღაცის კვალის წასაშლელად მივიდნენ. 

მოკლულის მამა ამბობს, რომ ამ კადრებზე შესაბამისი რეაგირებით, პოლიცია იმას მაინც დაადგენდა, ვის ინტერესში იყო საქმის გამოუძიებლობა, ვის მფარველობდნენ და ვის იცადნენ. თუმცა მოხდა პირიქით. რისი გადადგენაც მათივე კამერების დაღებული მასალით მარტივად შესაძლებელი იყო, საერთოდ უყურადრებოდ დატოვეს. 

ვისი კვალი შეიძლებოდა წაეშალათ ავტომობილიდან, მოკლულის ოჯახს ამაზე თავისი ვერსია აქვს. მკვლელობამდე ექვსი თვით ადრე, კობა აღლემაშვილს იმავე ადგილას და ანალოგიური ხელწერით თავს დაესხნენ. მაშინაც თავში მიაყენეს დაზიანებები, თუმცა ექიმებმა გადაარჩინეს. მშობლები ფიქრობენ, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ, კობამ დამკვეთი გაარკვია და მკვლელობის დღეს მას შეხვდა. ამის დადგენას ოჯახი მისი სატელეფონო ზარების გაშიფრით ითხოვდა, თუმცა უშედეგოდ. 

ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ დარღვევებისა, რაც აღლემაშვილებმა მათი შვილის მკვლელობის საქმეში იპოვეს. გამოძიების უმოქმედობის გამო, ისინი მოტივის დადგენასა და მკვლელის პოვნას საკუთარი ძალებით ცდილობენ. მაგრამ წინააღმდეგობებს აქაც აწყდებიან. საქმეში გავლენიანი ფიგურანტის გამო, მომხდარზე მოწმეები არ საუბრობენ და ისეთ დეტალებსაც მალავენ, რაზეც ვაზისუბანში ყველა ჭორაობს, მათ შორის მკვლელობის დამკვეთთან დაკავშირებით. 

ოჯახის ახლობლის ბრალეულობის გამოკვეთას გამოძიება ამ ეტაპზე არ ცდილობს. მოკლულის მშობლები ამბობენ, რომ 5 წლის მანძილზე სამართალდამცავები რამდენიმე ვერსიის დაჯერებას სთხოვდნენ. 

ქალის გამო შურისძიება გამოძიების პირველი ვერსია იყო, მაშინ როცა მომხდარის საღამოს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დააკავეს. ოჯახი ამბობს, რომ სამართალდამცავები მაშინ არწმუნებდნენ, რომ პატრულ-ინსპექტორმა კობა მის მეუღლესთან მიმოწერის გამო მოკლა. თუმცა დაკავებული პატრული რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. ოჯახი ამბობს, რომ საქმეში მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ჩაერია. 

ყველა ამ გარემოების გამო აღლემაშვილები დარწმუნებულები არიან, რომ მათი შვილის საქმე ახლა თაროზეა შემოდებული და გავლენიანი მფარველების გამი სიმართლის დადგენას დააგვიანდება. მოკლულის დედას კი ხუთი წელია მხოლოდ ერთი სურვილი აქვს: "მეც დავისვენო და დავატირო, რომ მკვლელი დაისაჯა". 

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი