რუსული ოკუპაცია - "ოცნების" ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკა "დედარუსეთის" მიმართ

გამოქვეყნდა:

დღეს სხვილოს ციხე სამაჩაბლოს საოკუპაციო ხაზს გადაჰყურებს. გარშემო კი მეჩხერი ტყე და ვრცელი ველები აკრავს, სადაც ადრე ადგილობრივი მწყემსები საქონელს აძოვებდნენ, ან მაყვლისა და სოკოს დასაკრეფად მიდიოდნენ, მაგრამ 11 ივლისს მომხდარმა ფაქტმა ყველაფერი შეცვალა. გახშირებული გატაცებების გამო, ადგილობრივი მწყემსები ნახირის ციხის გადაღმა გადაყვანას ერიდებიან.

რუსეთის უშიშროების პრესსამსახურის ინფორმაციით, ზაზა გახელაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მას აბსურდული ბრალი წაუყენეს - ცეცხლის გახსნა ოსი სეპარატისტების მიმართულებით,  მაგრამ ჩვენს ხელისუფალს, რომელიც წესით საკუთარ მოქალაქეს ოკუპანტებისგან უნდა იცავდეს, სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვს. მაგალითად: ვარდისფერი ფლამინგოების ჩამოყვანა მადაგასკარიდან. ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, ვარდისფერი ფლამინგოებით შეაფერადოს მისი ხელისუფლების ნაცრისფერი რვა წელი. ახლა ქვეყნაში ორი პარალელური რეალობაა, ადგილი,  სადაც ოკუპანტებმა ათობით ქართველი გაიტაცეს, აწამეს და მოკლეს და ადგილი, სადაც ივნიშვილი სამყაროს ვარდისფერი ფლამინგოების ფერად გვაჩვენებს. 

„ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, 2016 წელს, ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან, 30 წლის გიგა ოთხოზორია ოკუპანტებმა საკონტროლო ტყვიით გამოასალმეს სიცოცხლეს. ოკუპანტების შემდეგი სამიზნე არჩილ ტატუნაშვილი აღმოჩნდა, ის 2018 წლის 22 თებერვალს, ცხინვალში, ჯერ წამებით მოკლეს, შემდეგ კი მისი ცხედარი დააპატიმრეს.   

რაც დრო გადის, გატაცებები სულ უფრო და უფრო ხშირდება. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებს კი საღათას ძილით სძინავთ.

არჩილ ტატუნაშვილი და გიგა ოთხოზორია ოკუპანტებთან ერთად „ქართული ოცნების“ ე.წ რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკასაც ემსხვერპლნენ. ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ამბობს, რომ ჩვენ რუსეთის ინტერესებიც უნდა გავითვალიწინოთ. თუმცა იმ კაცისგან, ვისთვისაც საბჭოთა კავშირის დაშლა გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო, გასაკვირი არაფერია.

ბიძინა ივანიშვილი ოკუპაციაზე თავისი ნებით არასდროს იღებს ხმას, ხოლო თუ მაინც უწევს, ბრინჯივით იბნევა, ეცვლება ფერი, კარგავს სამეტყველო მოტორიკას და ცდილობს, ლაპარაკისას რამე ისეთი არ წამოსცდეს, რომ "დედარუსეთში" გაზპრომის წილი დაუყადაღონ.

2012 წლიდან მოყოლებული ბიძინა ივანიშვილი ბეჯითად, საბჭოთა პიონერის რუდუნებით გვიყვება, კრემლში დასწავლილ გაკვეთილს აგვისტოს ომის შესახებ. რაც შეეხება საქართველოს სრულიად შემთხვევით პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, კონტრდაზვერვის ენაზე რომ ვთქვათ, ის რუსეთისთვის "სასარგებლო იდიოტია", მის მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვა კი ოკუპანტის ტყვიაზე საშიშია.

როცა სოფელ გუგუტიაანთკარის მოსახლეებს საკუთარ ეზოებში მავთუხლართებს უვლებდნენ, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ლოპოტას ტბიდან დებდა ფოტოებს და თავის ბურჟუა ცხოვრებას ცხვირწინ უტიფრად უფრიალებდა ადამიანებს, რომლებიც იმ წუთებში სახლ-კარს კარგავდნენ.  

გვახსოვს მაშინდელი პრემიერის, მამუკა ბახტაძის ანტისახელმწიფოებრივი განაცხადიც, რომ ოკუპაცია გაგრძელდება და ამაში ახალი არაფერია. 

ზაზა გახელაძის დაჭრასა და გატაცებას ხელისუფლებიდან ჩვენი დროის პოლიტიკური აზრის გიგანტი, გია ვოლსკი გამოეხმაურა და საკუთარი არაადეკვატურობის თამასა კიდევ უფრო მაღლა ასწია.

სხვილოს ციხეზე კი ახლაც აღმართულია საქართველოს დაფლეთილი დროშა, როგორც ყველაზე მეტყველი მეტაფორა დღევანდელი ჩვენი სახელმწიფოს მყიფე სუვერენიტეტისა.

 

ავტორი: ბექა ყორშია 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი