მტკიცებულებებიდან დგინდება, რომ მას აღენიშნება მეხსიერების დაკარგვა როგორც ყველა დემენციის პაციენტს - ასეთი განცხადება გააკეთა ამერიკელმა ექსპერტმა, ერიკ-დევიდ გოლდსმიტმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე, სადაც ის მოწმის სახით, რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა.
გოლდსმიტის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს დიდი ალბათობით შეძენილი დემენცია აქვს და დაუყოვნებლივ ესაჭიროება დასავლეთში, პროფილურ კლინიკაში მკურნალობა:
"მას აქვს შესანიშნავი მეხსიერება წარსულთან დაკავშირებით - როცა სკოლაში იყო, როცა ახალგაზრდა იყო, მისი კარიერა, მაგრამ ახლანდელ მოვლენებთან დაკავშირებით საშინელი მეხსიერება აღენიშნება. მას აქვს ახალი ინფორმაციის შესწავლის პრობლემა. მას ჰქონდა მახვილი გონება, სწრაფი აზროვნების უნარი, მაგრამ ახლა მისი აზროვნების უნარი არის ძალიან შენელებული და ხანდახან დაბნეულიც არის. მისი გარეგნობა ძალიან შელახულია. ის მოუვლელია. ეს არის დემენციის სიმპტომები. აქვს სისუსტე. სკამიდან ადგომა უჭირს. სიარულის პრობლემა აქვს, წონაც დაკარგა." აღნიშნა ამერიკელმა ექსპერტმა.
გოლდსმიტის თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის დიდი სტრესი მიიღო გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია არსებულ მდგომარეობაზე:
"ძალიან მძიმე იყო მისთვის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანა, რადგან მან ის დააარსა პრეზიდენტობის დროს. იქ ემუქრებოდნენ. მიხეილ სააკაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ციხის თანამშრომლები და ზედამხედველები არ იყვნენ ახლოს მზადყოფნაში მის დასახმარებლად . მას არ შეეძლო დაძინება, რადგან პატიმრები სულ უყვიროდნენ. სააკაშვილს მაღალი დონის სტრესი აღენიშნება. ეს ყველაფერი არის დემენციის სიმპტომები და სწრაფად პროგრესირებადი ტიპის დემენცია.
რაც შეეხება თქვენს კითხვას, დემენცია გამოიწვია თუ არა მძიმე მეტალების ინტოქსიკაციამ, რომელიც ექსპერტების დასკვნაშია აღნიშნული, დიახ, ეს სწორია. ამ მეტალებთან შეხებისას ადამიანის სწრაფად უვითარდება მეხსიერების პრობლემები და მისი ფუნქციების გართულება. ეს იწვევს თავის ტვინის პრეფრონტალური ქერქის თეთრი ნივთიერების დაზიანებას. ეს გამოვლინდა იმ რადიოლოგიური კვლევებით, რომელიც ჩაუტარდა. ის ექსპოზიცია, რაც მოხდა ვერცხლისწყალთან და დარიშხანთან, და ის დაზიანება, რაც იქნა გამოწვეული, ამას ჩვენ ვეძახით შეძენილ დემენციას, ეს არის განსხვავებული ტიპური ალცჰაიმერის დაავადებისგან.
დაზუსტებით მინდა ვთქვა, რომ გამოვრიცხავ მისი მხრიდან სიმულაციას. ყველაფერი მარწმუნებს იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად სჭირს პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობა“ განაცხადა გოლდსმიტმა.
შეგახსენებთ, დღევანდელ სასამართლო პროცესს მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ მცირე ხნით ჩაერთო. ერთი საათის შემდეგ მან თავი შეუძლოდ იგრძნო და პროცესი უკვე მისი მონაწილეობის გარეშე გაგრძელდა.
იხილეთ ასევე: