ამერიკის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისმა შსს-ს ახალი სახანძრო მანქანა გადასცა

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისისგან (US ODC), საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, "რენოს" მარკის სახანძრო მანქანა გადაეცა.

ავტომობილი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და საჭიროების შემთხვევაში, მისი გამოყენება შესაძლებელია ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებისთვის. ავტომანქანა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტს გადაეცემა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონს მოემსახურება.

ავტომობილის გადაცემის ცერემონია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი. ცერემონიას, ასევე, დაესწრნენ აშშ-ის ელჩის მოადგილე კატრინ შულცი, აშშ-ის თავდაცვის ატაშე სტეფანი ბიგლი და US ODC საქართველოს ოფისის უფროსი ჯოზეფ ბილბაო. 

"მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სახელით. სახანძრო და მაღალი გამავლობის მანქანები შინაგან საქმეთა სამინისტროს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ხანძრებთან ეფექტიან ბრძოლაში შეუწყობს ხელს, რაც 700 ათასი ლარის ღირებულების პროექტის შემადგენელი ნაწილია. აშშ-ს საელჩო, თავდაცვის დეპარტამენტი და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისი სიამოვნებით იღებს ამ პროექტში მონაწილეობას და მოხარულია, რომ პროექტის ფარგლებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებაში თავიანთი წვლილი შეაქვთ. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება ტრენინგებისა და ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით", - განაცხადა ელჩი მოადგილემ კატრინ შულცმა.

სტუმრებმა ახალ სახანძრო მანქანასთან ერთად დაათვალიერეს „ტოიოტა ლენდ-კრუიზერის“ მარკის სპეციალიზებული ავტომობილები, რომლებიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს US ODC-თან თანამშრომლობის ფარგლებში რამდენიმე თვის წინ გადაეცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი