მძიმე კრიმინოგენური ვითარება - კალაძე შს სამინისტროს პასუხისმგებლობაზე საუბრობს, ოპოზიცია კი მმართველ გუნდს ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

თბილისის მერმა მისი უახლოესი მეგობრის, ლევან კობიაშვილის ძმის, არჩილ კობიაშვილის მანქანის აფეთქების შესახებ არაფერი იცის. სკანდალური ქუჩური გარჩევის დეტალები გუშინ "მთავარმა არხმა" გაახმაურა. კახი კალაძემ თბილისში შექმნილ მძიმე კრიმინოგენულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა მოიხსნა და ოპონენტებს მიუთითა, რომ კრიმინალის ზრდაზე პასუხი შინაგან საქმეთა მინისტრს უნდა მოსთხოვონ.

არაერთ ხმაურიან კრიმინალურ გარჩევაზე, დაყაჩაღებაზე და ძალადობაზე ოპოზიცია პირდაპირ პასუხიმგებლობას "ქართულ ოცნებას" და მის ლიდერებს აკისრებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ უმრავლესობამ 90-იანი წლები დააბრუნა და კრიმინალებთან ღია თანამშრომლობამ ქვეყანას მძიმე შედეგები უკვე მოიტანა. ახლა "ოცნება" კრიმინალებთან ვალშია და არაფერს აკეთებს, რომ მოძალადეები შეაჩეროს. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ კახა კალაძე მცდელობის მიუხედავად, პასუხისმგებლობას მძიმე კრიმინოგენულ ვითარებაზე, ვერ გაექცევა.  

ის ვინც 2012 წელს ივანიშვილთან ერთად იბრძოდა, დღეს ამბობს, რომ "ოცნების" კრიმინალებთან თანამშრომლობამ საშიშ ნიშნულს მიაღწია. უმრავლესობიდან დემარშით წასული დეპუტატები ღიად ამბობენ, რომ მმართველი უმრავლესობა ერთის მხრივ ყველა სახელისუფლებო შტოს აკონტროლებს და ამის პარალელურად, საარჩევნო პროცესს კრიმინალებით და ე.წ. კანონიერი ქურდებით მართავს. ყოფილი თანაგუნდელების ეს პოზიცია კატეგორიულად მიუღებელია "ოცნების" საპარლამენტო გუნდისთვის.

უფრო მძიმე შედეგების მოლოდინშია არასაპარლამენტო ოპოზიცია. ქვეყანაში კრიმინალის ზრდას ისინი არაფორმალურ მმართველობას უკავშირებენ. ამბობენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კრიმინალებით მართვა უფრო საშიშ მასშტაბს მიაღწევს.

ოპოზიციამ ხელისუფლებას მოუწოდებს, სამოქმედო გეგმა შეიმუშავოს და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გამოასწოროს. ისინი ამბობენ, რომ კრიმინალი სოციალური სიდუხჭირის პირდაპირპროპორციულად გაიზრდება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი