
რესპუბლიკური პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მათ 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ეთქვათ, საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებს. ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ დაადასტურა.
საარჩევნო რეგისტრაციისთვის პარტიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უნდა მიმართოს 15 ივლისამდე. შესაბამისად, მიმართვის ფორმა არ წერია, როგორ უნდა მივმართოთ. ჩვენ გავუგზავნეთ ფოსტით. 14-ში ჩაბარებული გვაქვს ფოსტას, ანუ 15 ივლისამდე ჩვენ შევასრულეთ საკუთარი ვალდებულება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიჩნია, რომ ფოსტაში ჩაბარების თარიღი კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელოვანია, მას როდის ჩაბარდა, - თქვა თამარ კორძაიამ.
კორძაიას განმარტებით, სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართეს და შედეგი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განმარტავენ კანონის ამ ნორმას.
ცესკო-ში განმარტავენ, რომ რესპუბლიკური პარტიის განცხადება კომისიაში ვადაგადაცილებით იყო შეტანილი. მათი თქმით, უარის მიზეზი საქართველოს ორგანული კანონის საარჩევნო კოდექსი 197-ე მუხლი გახდა.